მამუკა ხაზარაძე - გრძელდება მშვიდობიანი ბრძოლა, ყველას მოგიწოდებთ დიდი ეროვნული გაერთიანებისკენ, დიდი ეროვნული შერიგებისკენ, მომავალი თაობისთვის, თითოეული ბავშვისთვის დავდგეთ ყველა ერთად
მამუკა ხაზარაძე - გრძელდება მშვიდობიანი ბრძოლა, ყველას მოგიწოდებთ დიდი ეროვნული გაერთიანებისკენ, დიდი ეროვნული შერიგებისკენ, მომავალი თაობისთვის, თითოეული ბავშვისთვის დავდგეთ ყველა ერთად

დღეს წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი, თუ სად ვქნებით – ვიქნებით სადღაც ყველაზე ბოლო რიგში, მონობაში და გუბერნიაში, ან ვიქნებით ღირსეულად უკრაინელი ხალხის გვერდზე, რომლებიც დღეს თავის შვილებს, თავის სამშობლოს, თავის თავისუფლებას იცავენ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობა კი, რომელსა უკვე არ აქვს უფლება, წარმოდგინოს საქართველო, ყოველდღიურად აკეთებს იმას, რომ ქართველი კაცის ვაჟკაცობა, ერთგულება, თანადგომა დასცეს მიწაზე, რასაც არ დაუშვებენ“.

„ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მთავარი დღეს არის, რომ ყველაფერი გადავდოთ, პერსონალური, პარტიული, არ აქვს მნიშვნელობა და გავერთიანდეთ იმ ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის გარშემო, რის გამოც 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენი ძმების სისხლი შეეწირა, უამრავი ადამინის შრომა შეეწირა. ეს არის ჩვენი მიღება ევროკავშირში, ის, რასაც დღეს უკრაინა აკეთებს. ამას ვერ მივაღწევთ, თუ ღიად და ნათლად არ დავდექით ამ ხალხის გვერდში. ასოცირების ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ევროკავშირის გადაწყვეტილებების გვერდში ვიდგეთ, და დღეს მთელი ევროკავშირი უკრაინის გვერდში დგას, საქართველოს მთავრობა არ დგას იქ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი მტკიცე ნებისყოფით, ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად, რადგან მოგვაწებებენ ყველანაირ ეპითეტებს, თითქოს ვიღაცას აქ ომი უნდა. აქ ომი არავის  უნდა, აქ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ღირსეული ქვეყანა და გამარჯვებული საქართველო. ვერავინ მოგვაწებებს ჩვენ არეულობის მცდელობას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ მიმართა მწერლებს, ხელოვანებს, რომ დადგა ძალიან მტკიცე პროტესტის დრო.

„რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო სექტორს, ჩვენს მწერლებს, ხელოვან ხალხს, ყველას უნდა ვუთხრათ, რომ დადგა ძალიან მტკიცე პროტესტის დრო, ჩვენ ან ვიქნებით ღირსეულად, ღირსეული ქვეყნების გვერდში ან საქართველოს ბედი ამ მიმართულებით, როგორც ახლა მიდის, არის არა თუ ბუნდოვანი, არამედ ჩიხი, გამოუვალი  მდგომარეობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, სიცოცხლე და სიკვდილი ღირსებაზე გადის და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ეროვნულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

„პრემიერი უნდა გადადგეს აუცილებლად. დღეს ბიუროზე დააფიქსირეს ევროკავშირის განაცხადი, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ უნდა წაიღოს ეს ევროკავშირის განაცხადი, პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელსაც ერთხელ არ დაურეკავს ზელენსკისთვის, ერთხელ არ უთქვამს კაცურად რომ შენთან ვართ. გრძელდება მშვიდობიანი ბრძოლა. ყველას მოგიწოდებთ დიდი ეროვნული გაერთიანებისკენ, დიდი ეროვნული შერიგებისკენ,  მომავალი თაობისთვის, თითოეული ქართველისთვის, თითოეული ემიგრანტისთვის, თითოეული ბავშვისთვის დავდგეთ ყველა ერთად“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.