მამუკა ხაზარაძე - გადავწყვიტე, ასე ვიარო, არანაირი რევოლუციით, ვინმემ არ მოგვაკეროს არაფერი, რევოლუცია ხდება გონებაში, ადამიანის ნებაში, რომ შეცვალო ის მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდი
მამუკა ხაზარაძე - გადავწყვიტე, ასე ვიარო, არანაირი რევოლუციით, ვინმემ არ მოგვაკეროს არაფერი, რევოლუცია ხდება გონებაში, ადამიანის ნებაში, რომ შეცვალო ის მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდი

ქუთაისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ასევე ანა ნაცვლიშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან გადაწყვიტა, რომ ხალხთან ერთად იყოს და არა პარლამენტში.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ოპოზიციას არანაირ რევოლუციას არ აპირებს და ეს თითოეული ადამიანის გულში ხდება.

„ჩვენი პარტია უნდა იყოს საქართველო, ჩვენი პარტია უნდა იყოს ერთობა, თავისუფლება და გამარჯვება. იცით ჩვენი მოთხოვნა, რომ ფრაქცია ბოიკოტშია პარლამენტში, მე დავტოვე პარლამენტი, გადავწყვიტე ასე ვიარო თქვენთან ერთად ასეთი ბრძოლით, არანაირი რევოლუციით. ვინმემ არ მოგვაკეროს არაფერი, რევოლუცია ხდება გონებაში, რევოლუცია ხდება ადამიანის ნებაში, რომ შეცვალო ის მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდი. სწორედ ეს რევოლუცია ხდება დღეს საქართველოში, გონებრივი. გულის და სულის ერთობა ხდება. დამთავრდა ტოტალური სახელმწიფო საქართველოში და წალენჯიხაში დაიწყო ეს ამბავი. დაიწყება ქუთაისში, ბათუმში, ამ სისტემამ არჩევნებზე მიიღო ძალიან დიდი ბზარი და ეს ბზარი გარდაიქმნება იმაში, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი. რატომ გავიდა ფრაქცია ბოიკოტში? მე მიხეილ სააკაშვილთან დიდი დაპირისპირება მქონდა, არ არის ეს დასამალი. სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა აღძრული ჩემ წინააღმდეგ, ის სისტემა ჩემს ქონებასაც მართმევდა, მაგრამ მე, როგორც ქართველი კაცი ვთვლი, ნომერ პირველი ამოცანაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ვისაც როგორი აზრი არ უნდა ჰქონდეს მასზე, იმსახურებს ზუსტად ისეთივე სამედიცინო მომსახურებას, როგორც დაიმსახურა 600-მა პატიმარმა. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური ვენდეტა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლო. დიახ, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ ყველა ის მანკიერება, რისი დამარცხებისთვისაც ვითომ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი გადმოიბირა, სასამართლოს, სუს-ის,მოსმენების, ძალოვანი უწყებების სახით. ამხელა გენიოსების ტაძართან ვდგავართ ახლა ჩვენ და რაზე ვსაუბრობთ 21-ე საუკუნეში, რომ ერთ ადამიანს ემსახურება მთელი სისტემა. ჩვენ ვინა ვართ მაშინ? ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც დაამარცხებს ამ სისტემას. თავისუფალი ქართველი ხალხი და ეს ჩვენი დიდი წინაპრები, რომ დაიძრნენ თბილისში, დიახ, ქუთაისელები ნაღდი ქართველი ხალხი, რომ დაიძრნენ. მე მივმართავ ახლა ყველა ქუთაისელს, ვინც აქ არის, ვინც გვისმენს და ვინც ემიგრაციაშია, დაიძარით საქართველოში, რომ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.