მამუკა ხაზარაძე - გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო
მამუკა ხაზარაძე - გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო

მივიღეთ ის, რომ ბანკი კარგია და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ პრობლემები, ასე არ გამოვა მეგობრებო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ ეროვნული ბანკის ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი პრაქტიკულად აშანტაჟებდა.

ხაზარაძის თქმით, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყო.

„მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რახან რეგულატორი ხართ და პატივს ვცემთ მას. თქვეს, არა, თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთო. ეს ჰგავს, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის საშუალება და წელიწადში ოთხჯერ ნახო, მოუსმინო და გაიგო, რას აკეთებს, მამას რომ აუკრძალო შვილთან ურთიერთობა. მაშინ ვუთხარი, რომ ამას ვერ დავეთანხმებით, მაგრამ წერილი მაინც მოგვეცით, რომ ფულის გათეთრება ამ სისტემაში არ მომხდარა და შესაბამისად, კრიმინალური რამ არ მომხდარა. მით უმეტეს, იცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა იურიდიულმა კომპანიამ, „დენტონსმა“ დადო დასკვნა. როდესაც ეს მივაწოდე ყველა ეკონომიკურ ბლოკს და ვთხოვე, გარკვეულიყვნენ, არავინ დამკავშირებია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანებმა ამასთან დაკავშირებით მხარე დაიჭირეს. გამოძიება მიდის, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, ჯერ დამნაშავეც არ არის ცნობილი, არც დაზარალებული, პრესკონფერენციაზე გადასული პროკურატურა… მივიჩნიე, რომ არსებობენ ადამიანები ეკონომიკურ გუნდში, რომლებიც დაინტერესდებიან. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ბანკი კარგია და მამუკასა და ბადრის აქვთ პრობლემები, ასე არ გამოვა მეგობრებო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე „თიბისის“ ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს.

„მინდა გითხრათ, პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. მოვისმინე განმარტებები, რომ ბანკის აქციებმა აიწია. იმ ხალხმა რა ქნას, ვინც წააგო? ჩვენ გვყავს 1 000-ზე მეტი ინვესტორი. მათგან 200 გვყავს ცნობილი სახელი, აქედან ნახევარი აშშ-დან და ნახევარი ინგლისიდან. ვეუბნები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის ვიცე-პრეზიდენტს, მოგვეცით წერილი, რომ ეს საკითხი არაფერ კავშირში არ არის ფულის გათეთრებასთან. იგივე კითხვა დასვეს ჩვენმა პარტნიორებმა, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა და თქვა, რომ ასე არ შეიძლება, უნდა ითქვას, რასთან გვაქვს საქმე. მეორე დღეს „ვოთსაპით“ ვიღებ ეროვნული ბანკის წერილს, სადაც წერია, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის, საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა დასვა კითხვა, როგორ გამოეყენებინა წერილი და უთხრეს, რომ მხოლოდ პარტნიორი ბანკებისთვის შეძლებდნენ მის გამოყენებას.

„პრაქტიკულად, ეს არის „ბლექ მეილინგი“, ქართულად ამას შანტაჟი ჰქვია. მეუბნებიან, გადადექით. მე ვუთხარი, რომ მირჩევნია, მომხსნათ, რადგან ეს არის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. მოგვდის ხუთი წერილი და ბანკის აქციები ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ვაკეთებ ძალიან ზომიერ განცხადებას, მივემგზავრები ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ლონდონში, რომ შევხვდე აქციონერებს. დამიჯერეთ, ტყუილია, რომ ვიღაცამ გადაგვაყენა-გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, რადგან კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.