მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კახა კუჭავას შეხვდნენ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კახა კუჭავას შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო „ლელოს“ ინიციატივა  დიალოგის წარმართვის თაობაზე.

შეხვედრა, რომელიც დახურული იყო, კახა კუჭავას სამუშაო კაბინეტში შედგა.

შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

„განცხადება გავაკეთეთ, რომ საჭიროა დიალოგი, რადგან წარსულში ვნახეთ, დაპირისპირება, საბოლოო ჯამში, სად მიდის. პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, რომ ქვეყანას თავიდან ავაცილოთ ის შესაძლო, ძალიან ცუდი სცენარი. რა კავშირშია მანდატი და ის დაპირისპირება, რაც ქვეყანაშია? საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი. საუბარია ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვის როგორი სენტიმენტები ან ბოღმაც არ უნდა ედოს გულში. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ისეთი სიტუაციის შექმნა უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ დაემუქროს სიკვდილი. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ კონსტრუქციულის მხარდაჭერას. კონსტრუქციული კიდევ არის დიალოგი და კრიზისებში სიტუაციის მართვა. კახა კუჭავა პოზიტიურად შეხვდა და მოვლენების განვითარებას დაველოდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ თემებზე საუბარი გაგრძელდება.

„გვქონდა საუბარი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ აუცილებელია დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის. საუბარს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.