მამუკა ხაზარაძე - ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“, იმედია, ამ პოზიციას გადახედავენ
მამუკა ხაზარაძე - ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“, იმედია, ამ პოზიციას გადახედავენ

ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, სიმართლე გითხრათ, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“. იმედია, მოვისმენთ ამის განმარტებასაც, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას გადახედავს.

„ეს პოზიცია ჩემთვის არის გაუგებარი. იმედია, გადახედავენ ამ პოზიციას. თუ დროის ამბავია, მინდა, ვთხოვო, გადახედონ ამ დროს. თუ ვერ მოხერხდება 2 ოქტომბრამდე, ხელმოწერა დაგვიფიქსირონ. „ოცნების“ დეპუტატებსაც მივმართავ, რომ სიმართლე გავარკვიოთ. ჩემი ამოცანა კი არ არის, რომ ბატონი ლილუაშვილი მოვიდეს და თავს დავესხათ, არა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ნიკა მელიას განცხადება მისთვის გაუგებარია ორი მიზეზის გამო.

„ჯერ ერთი, რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“, არ მესმის. აქ ლაპარაკია პარლამენტში ივანიშვილის მინისტრების დაბარებაზე, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, მათი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. ეს უნდა იყოს ღია და საჯარო. მეორე – ჩვენ ყველა დაკავებული ვართ, ყველა ველზე ვართ, წინასააჩევნო მარათონში ვართ ჩაბმული, მაგრამ ხელის მოწერას და პოზიციის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას. 2 ოქტომბრამდე თუ 5 ოქტომბერს ჩავატარებთ ამ სხდომას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დღეს პრინციპული მნიშვნელობისაა, დააფიქსირო – საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის არის შექმნილი, რომ ოპოზიცია ასეთ საკითხებში არის ერთიანი. თუ ასეთ საკითხებში ერთიანი არ ვართ და მიზეზია ის, რომ თურმე ყველა ველზე ვართ და სხდომაზე ვერ მოვალთ, ამას ვერანაირად ვერ მივიღებ. ხელი უნდა მოაწეროს ალბათ ყველა პასუხისმგებლიანმა ადამიანმა. „ქართულ ოცნებაში“, პარლამენტში ვინც არის, ძალიან ბევრ ადამიანს პატივს ვცემ და იმათ ეს ამბავი აწუხებთ. წესით, ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებლიანმა დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი და მოისმინოს, იქნებ, მართალია ეს ხალხი, მარტივად რომ ვთქვათ. იქნებ, ლილუაშვილი მართალია და უცხო ქვეყნის აგენტურა შემოვიდა, ისინი გვიკეთებენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ. იქნებ, ეს ხალხი ცამდე მართალია, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?!“, – აცხადებს ხაზარაძე.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

„მეგობრებო, თუ თქვენ ასე აპირებთ, ამას შეეგუოთ, მაშინ, რა გინდათ პარლამენტში, საერთოდ ვის უფლებებს იცავთ. თქვენი, როგორც დეპუტატების ჩანაწერები არსებობს და სანამ თქვენამდე ნელ-ნელა არ მოვა ეს ურემი და არ ჩამოდგება, მანამდე ე.ი. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს ყველაფერი გადავავადოთ?! ოპოზიციური დეპუტატების უკვე 27 ხელმოწერა არსებობს. საჭიროა 11 ხელმოწერა. ჩვენი საზოგადოება ღირსია, სერიოზულ კითხვებს გავცეთ პასუხი. უნდა დავინახოთ, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენ, მოქალაქეებს გვიცავს, თუ იცავს ადამიანების რაღაც ჯგუფს, რომლის დაკვეთებსაც ისინი ასრულებენ. გაგახსენებთ, ანალოგიური დიდი შეცდომა იყო, როდესაც ვახტანგ გომელაური იყო დაბარებული და ის დიდი სხდომა ჩავარდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ სხდომის გაგრძელება. დეტალებში აღარ შევალ, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. არ ვიცი, ეს მოხდა შემთხვევით თუ დაგეგმილი იყო, მაგრამ სხდომა ჩაიშალა და შედეგად რა მიიღო საზოგადოებამ – ნაცემი 53 ჟურნალისტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ „შესაძლებელი იყო, რომ სხდომა გადარჩენილიყო“.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრამდე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე „ლელოს“ ინიციატივას არ უერთდება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.