მამუკა ხაზარაძე - არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს, ეს ბუნებაში შეუძლებელია, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული
პროპაგანდაა, რომ საქართველოს არ შეუძლია 1000-ლარიანი პენსიების დარიგება, არ შეუძლია, გახდეს სერიოზული მოთამაშე რეგიონში. ქართველ ხალხს დააჯერეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღარიბი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ ძალიან ძლიერი ეკონომიკა რეგიონში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს, გამარჯვების შემთხვევაში „ლელო“ როგორ აპირებს პენსიების გაზრდას მაშინ, როდესაც რუსეთთან სანქციების დაწესებას გეგმავს.
„თვითონ ეს კითხვა და მენტალობა, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, შეიცავს „ქართული ოცნების“ თორმეტწლიან პროპაგანდას. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. საქართველოს ბიუჯეტი დოლარში არის ათი მილიარდი და ბიძინა ივანიშვილის ქონება – ექვსი მილიარდი, ასეთი პროპორცია წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო და ეკონომიკა არ გვაქვს. არ ვლაპარაკობ, რომ ივანიშვილის ქონება უნდა შემცირდეს, იმას ვამბობ, რომ ქართული ბიუჯეტი უნდა იყოს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მეტი. პროპაგანდაა, რომ საქართველოს არ შეუძლია 1000-ლარიანი პენსიების დარიგება, არ შეუძლია, გახდეს სერიოზული მოთამაშე რეგიონში, პირიქით, ხელს უშლიან, აშენდეს ისეთი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ანაკლია. სწორედ ამ პროპაგანდის შედეგია, რომ ქართველ ხალხს დააჯერეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ღარიბი ქვეყანა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ღარიბი ქვეყანა, არც ღატაკნი ვართ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ ძალიან ძლიერი ეკონომიკა რეგიონში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, რუსეთთან კავშირი თუ გაწყდა, როგორ აპირებენ ეკონომიკის ათპროცენტიანი წილის შევსებას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს. ეს, უბრალოდ, ბუნებაში შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო, მისი ეკონომიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. რუსეთიდან შემოსულ 97 პროცენტ პურს და ხორბალს არ უნდა მივირთმევდეთ, თითქმის 90 პროცენტს რუსეთიდან შემოტანილ საწვავს არ უნდა ვიყენებდეთ. ქვეყანას თუ სჭირდება და საჭიროა, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, მას სჭირდება დაბალანსებული ეკონომიკა. როცა მიისწრაფვი ევროკავშირისაკენ, ბენზინის შემოტანა იქნება თუ სხვა პროდუქტების, უნდა გააკეთო დივერსიფიკაცია, რათა ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო“.