მამუკა ხაზარაძე - არ მაქვს ჩადებული ბოღმა გულში, ბრძოლას გავაგრძელებ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს
მამუკა ხაზარაძე - არ მაქვს ჩადებული ბოღმა გულში, ბრძოლას გავაგრძელებ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს

არის ესეთი გამოთქმა – „ზოგი ჭირი მარგებელია“, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ალბათ საბედნიეროდ, დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მას და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიებად 700 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და ამას არ ვსაუბრობ როგორც „თიბისი ბანკის“ თავმჯდომარე ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც თავშეკავებული ვიყავი შეფასებებში. გამომდინარე იქედან, რომ ჩემს უკან ათი ათასი თანამშრომელი დგას, სტრუქტურა, დეპოზიტარები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობდი, არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი. მნიშვნელოვანია, ემოციურ განცხადებაზე შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. დღეს დავინახე სრული ჭაობი, კარგია, რომ ჩემს თავზე დავინახე. დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია ხუთწუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას, მილიარდი ლარით ზარალი მიაყენოს და ამაზე არანაირ სირცხვილის გრძნობას და პასუხს არ სთხოვს, ეს არის კატასტროფა. ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, სტრუქტურები არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გეგმაზეც ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები თავიდან ასაშენებელია. მიხარია ის გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნება, საზოგადოებრივი მოძრაობის, რომელიც ძალიან აქტიური და დიდი იქნება. მის გეგმებს მალე გაიგებთ. იქნება ახალი თაობა და პროფესიონალი ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და არ უნდა რუსული ორიენტაცია, ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად და ნეპოტიზმს, კლანურ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი.

დღეს პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, ეს ერთი პირი იცით, ვინც არის. ეს არის დირიჟორი, რომელსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პიროვნულად მათგან განსხვავებით, მე არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, ამ ბრძოლას გავაგრძელებ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ თავისუფალი გადაწყვეტილები მიიღონ, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები კი, კანონმორჩილები.

გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ესენი სახლში წავლენ. ყველა გონს მოეგოს, ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ გირაო დამადეს, თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი. მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად ორი უკიდურესობა, ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.