მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის დაფინანსებაზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის დაფინანსებაზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

„სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედეგბოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, მოითხოვს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას, ხაზარაძის თქმით, გააჩნია პროცესს.

„თუ პროცესი ინტენსიური მოლაპარაკებების ფაზაში გადავიდა, ალბათ დავინახავთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა პროცესი დასრულდეს. შეგახსენებთ, საუბარია იმ ბანკებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილესი დონორები არიან. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ მოელაპარაკო ბანკებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აქ უბრალოდ საუბარია უფრო სწრაფ მენეჯმენტსა და სურვილზე, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად დაიწყოს. იმედი მაქვს, მაისში გააქტიურდება ეს შეხვედრები, მოთმინებით ველით ამ პროცესს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას რამდენიმეპუნქტიანი პირობა წარუდგინეს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა აღნიშნულ საკითხებზე მთავრობისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგნლებს შორის აპრილში უნდა გამართულიყო.