მამუკა ჯუღელი - ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ, რათა გულშემატკივრებს დავუმტკიცოთ, რომ ფოთის „კოლხეთის“ ადგილი ეროვნულ ლიგაშია #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ მფლობელმა, მამუკა ჯუღელმა ფოთელ ქომაგებს მიმართა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული კლუბის ხელმძღვანელობისადმი წაყენებულ პრეტენზიებზე კომენტარი გააკეთა.
„საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ 2022 წლის დასაწყისში მფლობელობაში გადმომეცა. ეს არჩევანი განაპირობა ამ გუნდში გატარებულმა რამდენიმე წელმა, რომლის განმავლობაში მე ბევრი დადებითი რამ შევიძინე არა მარტო საფეხბურთო, არამედ ადამიანური თვალსაზრისით. დღეს უამრავ ფოთელთან ვმეგობრობ, ხოლო ვეტერან ფეხბურთელთა ნაწილი ჩვენს გუნდშია დასაქმებული და თავიანთ მოვალეობას პროფესიონალურად ასრულებენ.
პირველივე სეზონში ლიგა 3-ში მოასპარეზე ჩვენმა გუნდმა ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა, ხოლო შემდეგი სეზონის ბოლოს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. ბუნებრივია, წარმატებული შედეგის მიღწევა ეროვნულ ლიგაში ბევრად უფრო რთულია, თანაც როცა გუნდი საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე, ქობულეთში ატარებს.
ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ, რათა გულშემატკივრებს დავუმტკიცოთ, რომ „კოლხეთის“ ადგილი ეროვნულ ლიგაშია. არაერთხელ გვითქვამს, კლუბი ჯანსაღ კრიტიკას ითვალისწინებს და მასზე რეაგირებს. თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი, მოვახსენო ქომაგებს, რომ შემადგენლობის ჩამოყალიბება ამა თუ იმ მატჩისთვის მხოლოდ სამწვრთნელო შტაბისა და მთავარი მწვრთნელის მოვალეობაა. მათ საქმიანობაში ჩარევა გამორიცხულია.
ახლა რაც შეეხება ფოთელთათვის აქტუალურ თემას, ლაშა გვალიას გარკვეული პერიოდი ტერფის ტრავმა აწუხებდა და ვარჯიშს ახლახან შეუდგა, საზარდულის პრობლემა ჰქონდა დათო მეგრელიშვილს და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ხოლო რაც შეეხება დემეტრე გვასალიას, ის მწყობრშია და „დილასთან“ მატჩში მოედანზე გამოჩნდა.
ზოგადად კი აღვნიშნავ, რომ ფეხბურთელები ჩვენს გუნდში არ იყოფიან ფოთელებად და არაფოთელებად, რაც ხელს უწყობს გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს არსებობას. ისინი ყველაფერს გაიღებენ ქალაქის საყვარელი გუნდის წარმატებისთვის“, – წერს მამუკა ჯუღელი.