მამუკა გორგოძის 27 ლელო, მერაბ კვირიკაშვილის 840 ქულა - „ბორჯღალოსნების“ სარეკორდო სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ახლოვდება ნოემბრის ტესტები და სულ მალე გავიგებთ ნაკრების შემადგენლობას. გარდაუვალი პროცესია – ნაკრებში ჩნდება ახალი სახეები, ვეტერანი მორაგბეები კი ბორჯღალოსანთა რიგებს ტოვებენ. მიდიან, მაგრამ გვიტოვებენ უამრავ ემოციას, რომელიც მათთან ერთად განვიცადეთ გულშემატკივრის როლში.
თუ გადავხედავთ სანაკრებო სტატისტიკას, უამრავი სასიამოვნო მოგონება ამოგვიტივტივდება.
დავიწყოთ კეპებით და ცენტურიონებით (მოთამაშეებით, რომლებსაც 100-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული):
დავით კაჭარავა – 121
მერაბ კვირიკაშვილი – 115
გიორგი ჩხაიძე – 100
სამივე ერთი თაობის მორაგბეა და სწორედ მათ მოუწიათ ქართული რაგბის „ოქროს ხანაში“ მოღვაწეობა – 2011 თუ 2015 წლის მსოფლიოს თასებზე, სადაც ბორჯღალოსნებმა უფრო და უფრო გაამკვეთრეს საქართველოს დროშა მსოფლიო რაგბის რუკაზე.
კაპიტნის რანგში ყველაზე მეტჯერ:
ირაკლი აბუსერიძე – 39
ილია ზედგენიძე – 37
შესაძლოა, ირაკლი აბუსერიძისა და ილია ზედგინიძის დროს „ბორჯღალოსნებს“ ის შედეგები არ ჰქონდათ, რაც მომავალ თაობას, თუმცა რომ არა ის საფუძველი რაც მათ ჩაყარეს, ვერც 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გამარჯვება გვექნებოდა და ვერც რეიტინგში ავიდოდით მე-12 პოზიციაზე.
გასაკვირი არ არის, რომ მერაბ კვირიკაშვილი უპირობოდ ლიდერობს მექულეების სიას – 840 ქულა. იგი საერთაშორისო ასპარეზზე მეორე რანგის გუნდების დამრტყმელთა შორის მე-2 ადგილს იკავებს. მერაბს მხოლოდ რუმინეთის ლეგენდა ფლორინ ვლაიკუ უსწრებს.
სრულ ჩამონათვალში კი მე-14 პოზიციაზეა ნიკოლა სანჩეზსა და პერსი მონტგომერის შორის.
მივადექით მელელოვეებსაც:
მამუკა გორგოძე – 27
ირაკლი მაჩხანელი – 24
დავით კაჭარავა – 24
ლიდერობს მამუკა გორგოძე – 27 ლელო. 27-დან რამდენია გადამწყვეტი მნიშვნელობის, რთული დასათვლელია.
მის შემდეგ მეორე ადგილს დავით კაჭარავა და ირაკლი მაჩხანელი იყოფენ 24-24 ლელოთი. მეოთხე კი თედო ზიბზიბაძეა 21 სანაკრებო ლელოთი.