მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ანსამბლი „რუსთავი“ ჩაკრულოს შეასრულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა. მამუკა ბახტაძეს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.
მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.
მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა აჟღერდება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ შეასრულებს. საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს წინაშე ამ სიმღერის დასრულების შემდეგ გამოვა.
„ის მიმართავს დარბაზში ევროსაბჭოს წევრებს და ესაუბრება ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას.
როგორც იცით, წლის ბოლოს საქართველო გახდება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ათწლეულებში ერთხელ გვეძლევა ამის შესაძლებლობა და 2019 წელი არის ის წელი, როცა ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას.
ველოდები, რომ საკმაოდ პოზიტიურ ფონზე ჩაივლის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა და შემდგომ, დებატებიც, რომელიც ამ გამოსვლის შემდგომ წარიმართება. ჯერჯერობით, განწყობა ასეთია ასამბლეაში და განწყობაც გვაქვს შესაბამისი“, – განცხადა ევროპის საბჭოში საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.