მამუკა ბახტაძე - ვწუხვარ, რომ 20 ივნისს ჟურნალისტები დაზარალდნენ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ
მამუკა ბახტაძე - ვწუხვარ, რომ 20 ივნისს ჟურნალისტები დაზარალდნენ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე იყო ქართული საზოგადოებისთვის ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში. დაშავებულები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები. დღეს მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

ამასთან, მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო ქართული მედიის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.