მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის პროცესი იყო მოვლენათა მთელი ქრონოლოგია და საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს
მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის პროცესი იყო მოვლენათა მთელი ქრონოლოგია და საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ვალების ჩამოწერის პროცესი იყო მოვლენათა მთელი ქრონოლოგია და საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

მამუკა ბახტაძემ დღეს უპასუხა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლეთა განცხადებას, რომ ვალების ჩამოწერა იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა, რის გამოც უნდა დადგეს მამუკა ბახტაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„გავყვეთ მარტივ ლოგიკას – ფინანსთა მინისტრად დავინიშნე შარშან, წლის ბოლოს. იმ დღიდან დავიწყე საუბარი ჭარბვალიანობაზე. ლოგიკა რა არის, შარშან ჩვენ გავთვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს უნდა გაგვეკეთებინა? კითხვაში არის პასუხიც. ჩვენ რომ ამის შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გვეთქვა, პირველი მე ვიქნებოდი, ვინც გავიზიარებდი ამ ლოგიკას, მაგრამ ეს იყო მოვლენათა მთელი ქრონოლოგია, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისგან ბევრი კრიტიკა მივიღე ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში და თუ არ გახსოვთ, მე შეგახსნებთ, თითქოს მე ვებრძვი ლიბერალურ ეკონომიკას, იმ საფუძვლებს, რაც ჰქონდა ჩაყრილი საქართველოში ლიბერალურ ეკონომიკას.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არის საინტერესო ელექტორალური თვალსაზრისით. როდესაც ეს მე უნდა დამეანონსებინა ამ პროექტის დაწყება, წინა დღეს ვიხილეთ პოლიტიკური შოუ, როდესაც დახურული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ოფისების წინ დადგა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაიწყო იმის ყვირილი, რომ თურმე საქართველოში ასეთი რაღაც ხდება, კვირა დღეს. ეტყობა, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ორშაბათს ბრიფინგს ვაპირებდი. ეს არის პასუხი ამ შეკითხვაზე“, – აღნიშნა ბახტაძემ.