მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, უპასუხისმგებლობაა
საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სრული უპასუხისმგებლობაა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„ძალიან ცუდია, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს აქვს კავშირი ანაკლიის პორტთან.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უმნიშვნელოვანესი იდეის. ჩვენ ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორც მთავრობა, აქტიურად ვმონაწილეობთ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ფორმირება და დაიწყოს დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის.
ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონისთვის. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, შევძელით ის, რომ მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს განხილვა მისი დაფინანსების.
ამის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა სრული უპასუხისმგებლობა გახლავთ. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს ის აუცილებლად ექნება“,- განაცხადა ბახტაძემ.