მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია ეროვნული ეკონომიკისთვის, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან
მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია ეროვნული ეკონომიკისთვის, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან

„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არამხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის, მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს არის „ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“.

„თიბისი ბანკი“ არის ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია და ეს არის ჩვენი ეკონომიკის წარმატება, რომ ეს ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.

სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებზე. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა, მიიღო გადაწყვეტილება. შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ვიცი, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიონალური სტანდარტების დაცვით და არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია.

„თიბისი ბანკი“ გახლავთ სისტემური ბანკი, ძლიერი ბანკი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არამხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის.

კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს გახლავთ ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს ამ საკითხზე პრეტენზია, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს“,- განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.