მამუკა ბახტაძე - თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა მოქალაქეებს თუ დამატებით კომფორტს შეუქმნის, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით
მამუკა ბახტაძე - თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა მოქალაქეებს თუ დამატებით კომფორტს შეუქმნის, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა საქართველოს მოქალაქეებს კომფორტს თუ შეუქმნის, მთავრობა ამ ფაქტს მიესალმება. ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებით კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გააკეთებს.

„ბუნებრივია, ეს უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დღეს არის საქართველოში და ასეც გახლავთ. დარწმუნებული ვარ, დეტალურ კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გააკეთებს. თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდება.  შესაბამისი ინფორმაცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.