მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა
მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას საქართველოს ამ პროცესში.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ქვეყანას და ვუსურვო წარმატებული და ნაყოფიერი სწავლება. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე პროგრესი.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გულისხმობს ბევრი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ. ნატო ყოველთვის ხაზს უსვამს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. ბატონი სტოლტენგერგი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მსურს მას მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.