მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და ლიეტუვას აქვთ ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც აქტიურად ვითარდება
საქართველოსა და ლიეტუვას აქვთ ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც აქტიურად ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.
„ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხები, ამავე დროს ძალიან პროდუქტიულ იყო შეხვედრა პრეზიდენტთანაც. გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი მიმართულებები, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება. ორმხრივი ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცაღა ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს დამატებითი პოტენციალი. უახლოეს მომავალში გაიმართება ეკონომიკური კომისია ორ ქვეყნას შორის, სადაც ჩვენ შევეცდებით, გამოვავლინოთ ახალი მიმართულებები, რომ უკეთესად განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ლიეტუვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები ინოვაციებში და ამავე დროს სტარტაპების ეკოსისტემის შექმნაში.
ბახტაძის განცხადებით, საქართველოს აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინოვაციების მიმართულებით და ლიატუვა აქტიური მხარდამჭერი იქნება.
„სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მიმდინარე წელს იგეგმება ახალი რეისების დანიშვნა თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთნაკადი ორ ქვეყანას შორის. მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო გრძნობს ლიეტუვის მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი აქტიური მხარდამჭერი გახლავთ ლიეტუვა ევროსტრუქტურებში და ნატო-ში. ჩვენ გვაქვს ახალი სამოქმედო გეგმა, რათა საქართველო კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ლიეტუვის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს. დღის ბოლოს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტი, სადაც შეხვდი ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ამ უნივერსიტეტში. შევხდი იმ ადგილობრივ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.