მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზისთვის“, შემოსავლების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო
მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზისთვის“, შემოსავლების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო

„საქართველოს რკინიგზისთვის“ შემოსავლების თვალსაზრისით, ფინანსურად ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებსა და ტვირთბრუნვის შემცირებაზე ბახტაძეს კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ნიკა მელიამ დაუსვა.

„რაც შეეხება რკინიგზას 2013 წლიდან 2017 წლამდე. თქვენ ახსენეთ ტვირთბრუნვა და ახსენეთ შემოსავალიც. ეს არის ორი სხვადასხვა რაღაც. რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად, მისი წარმატების ან წარუმატებლობის კრიტერიუმია მისი შემოსავლები, მარჟები და ის, თუ როგორ აფასებენ ინვესტორები ამა თუ იმ კომპანიას და არა ის, თუ როგორ აფასებს ამას რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სუბიექტურ შეფასებას აკეთებს“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მისი შეფასებით, საქართველოს რკინიგზისთვის შემოსავლების თვალსაზრისით, ფინანსურად ყველაზე  წარმატებული 2014-2015 წლები იყო.

„რაც შეეხება რკინიგზაზე ტვირთების შემცირებას, წელი, რომელსაც თქვენ ადარებთ, ინფრასტრუქტურულად იყო განსხვავებული. ტვირთის ის დიდი ნაწილი, რომელიც რკინიგზაზე მოძრაობდა, დღეს მოძრაობს მილსადენში და რკინიგზის ნაცვლად, ამ შემოსავალს იღებს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ ნიკა მელიას.