მამუკა ბახტაძე - საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც რეგიონული ლიდერი უნდა იყოს
მამუკა ბახტაძე - საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც რეგიონული ლიდერი უნდა იყოს

უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც რეგიონული ლიდერი იყოს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა.

მრავალპროფილური კლინიკის ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებას პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

დღეს „ნიუ ჰოსპიტალს“ს“ შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. წლებია, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება მოქალაქეებისთვის უკეთესი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ჯანდაცვა გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2018 წელს შევძელით და ჯანდაცვის ბიუჯეტი თავისი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასთან ერთად, მილიარდ ლარზე მეტი თანხით გავზარდეთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გვესმის, გამოწვევები კიდევ რჩება და არსებობს ხარვეზები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ხარვეზები და სერვისები, რომელიც დასახვეწია უკავშირდება მოქალაქეებისთვის სერვისის გეოგრაფიულად უფრო კომფორტულად მიწოდებას, ასევე, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს.

„ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ. საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, რეგიონში ვიქცეთ ეკონომიკურ ცენტრად. სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. სტრატეგიის ფარგლებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც საქართველო იყოს რეგიონული ლიდერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, მსგავს პროექტებში ინვესტიციების განხორციელება კერძო სექტორის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი.

ამასთან, ღონისძიებაზე მამუკა ბახტაძემ ინვესტორს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის პროექტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.