მამუკა ბახტაძე - საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთ სიმაღლეზე
მამუკა ბახტაძე - საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთ სიმაღლეზე

საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ამ სიმაღლეზე. აშშ-სთან ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მოცემულობა და ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში.

„იმის მაგივრად, რომ სრულფასოვან ინტეგრაციამდე შევძლოთ, ინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი უპირატესობები მივიღოთ და ეს პროცესი დავაჩქაროთ, ვხედავთ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს, რომელიც შემდეგ ითარგმნება წარმოუდგენელ დეზინფორმაციაში. ბოლო დღეების მაგალითი რომ ავიღოთ, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში შედგა უმაღლესი დონის შეხვედრა. ევროკავშირმა საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის შექმნა ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, პარტნიორებთან, ევროკომისრებთან ერთად განვიხილოთ, რა რესურსი გვაქვს მეტი ინტეგრაციის კუთხით. ეს არის უზარმაზარი წარმატება. ის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს, ხომ არ არის მხოლოდ ჩემი, თქვენი, ან ჩვენი მშობლების თაობის ხედვა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ამისკენ მივისწრაფვით და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ, როგორ ჩავიდეთ იქ კიდევ უფრო მომზადებულები, რათა კონკრეტული შედეგები დავაყენოთ, ვიღებთ დეზინფორმაციას, რომ საქართველო ლამისაა გამოაგდონ ევროპული სტრუქტურებიდან. ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სიარული და სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, რუსული რბილი ძალა და მისი პროპაგანდისტული მექანიზმები სულ უფრო ხილული გახდა ყველა მიმართულებით.

„ოპონენტები ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ ის პრობლემები, რომლებიც თავად დაგვახვედრეს და გადადიან ისეთ სფეროებში, სადაც წარმატება აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ბოლო ინფორმაცია, რომლის აწევაც შემდეგ გაუჭირდათ, იყო, რომ თითქოს თეა წულუკიანს ან კახა კახიშვილს ჰქონდათ სპეციალური ოთახები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, ან ის, რომ თითქოს 7 ნოემბერი ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო და მსგავსი სისულელეები. ჩვენი რეფორმა პენიტენციურ სისტემაში წელს გაეროში ჩემპიონ რეფორმად აღიარეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან თუ ჩვენ ამ ფორმატში გაეროში რამე წარმატება გვქონია, ეს არის ყველაზე ხელშესახები – რა ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ 2012 წლის ბოლოს და რა შედეგი გვაქვს დღეს. ეს არის საბჭოთა საუკეთესო ტრადიციების მქონე პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მთავრობაა დამნაშავე იმაში, რაც თავად ჩაიდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, სამწუხაროდ, დეზინფორმაციის ტალღა ძალიან მასშტაბური აღმოჩნდა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა და მსგავსი გამოწვევების წინაშე დასავლელი პარტნიორებიც დგანან.

„ეს გახდა რუსეთის მთავარი სტრატეგია მეზობელთან ურთიერთობაში. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ვამხილოთ და საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.