მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით საქართველო შეძლებს, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით საქართველო შეძლებს, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. 2019 წელი განსაკუთრებულია – ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატო-სთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.