ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას. მისივე თქმით, საამაყოა, რომ ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო.
„მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ.
ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა რეგიონში.
ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის, იგივეს ადასტურებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეიტინგიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.