მამუკა ბახტაძე - რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის თემატურ დისკუსიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.
დისკუსიისას მამუკა ბახტაძეს კითხვა დაუსვეს კოლექტიური მშვიდობის აღქმისა და განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
„მადლობა კითხვისთვის, მაგრამ, ნება მიბოძეთ, პასუხის გაცემა დავიწყო ელჩი იშინგერისადმი და დღევანდელი თემატური დისკუსიის ორგანიზატორებისადმი მადლობის გადახდით. საქართველოს და უკრაინის ბევრ კარგ მეგობარს ვხედავ დარბაზში. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიამ 2008 წელს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას. დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელ ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა. ჩემი პოზიცია ასეთია – სანამ არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება. გამოვეხმაურები პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებას და ვიტყვი, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ ჩვენი ინიციატივების, ე.ი. იმ ერების ინიციატივები, რომლებსაც თავისუფლების და დემოკრატიის სწამთ. რასაც ვხედავთ, ძალიან საშიშია, მაგრამ მიმაჩნია, რომ წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ნამდვილად განსაკუთრებულია, რადგან ვხედავთ და გვესმის ძალიან ძლიერი განცხადებები. ამით ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე ვდგებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი ხდება უმთავრესი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროპისთვის, რაც ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია.
„საქართველო დიდი წარმატების მქონე მოვლენაა. წარმატებულია, რადგან ძალიან მტკივნეული გამოწვევა გვიდგას ქვეყანაში – რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ. ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ცივილიზაციური არჩევანია. ეს ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.
ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში. შავი ზღვის რეგიონი ხდება უმთავრესი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროპისთვის. ეს ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.