მამუკა ბახტაძე - ქართველი ერის არჩევანია ნატო-ში ინტეგრაცია და არავის აქვს უფლება, შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები
ქართველი ერის არჩევანი გახლავთ ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხი. არავის არ აქვს უფლება, ამაში შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე რუსეთის ფაქტორს უკავშირდებოდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.
„მთავარი გზავნილი არის ის, რაც მოვისმინეთ სტოლტენბერგისგან, რომ არავის აქვს უფლება შეუზღუდოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი. ქართველი ერის არჩევანი გახლავთ ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია, შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხი. არავის აქვს უფლება, რომ ამაში შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები. ვაგრძელებთ ეფექტურად ამ ინტეგრაციის გზაზე სიარულს, გვესმის, რომ ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო, იმ გადწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს რეფორმათა ის პაკეტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ და მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს და ავამაღლოთ ჩვენი თავსებადობა ნატო-სთან. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე და საქართველოს პრინციპული გადაწყვეტილება რეალობა გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.