მამუკა ბახტაძე - პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
მამუკა ბახტაძე - პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა. დისკუსიისას საქართველოს პრემიერს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ადმინისტრაციიდან მხარდაჭერის შესახებ.

„თავიდან, მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. მაგრამ, მინდა ამავდროულად ვახსენო, რომ ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ეს ფაქტი ძალიან ნათელია. გზავნილიც ძალიან ძლიერია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იკვეთება არსებული ადმინისტრაციის პირობებში იდეალურად ესადაგება რეგიონში ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

აქვე მინდა, ვახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ტერმინები „გაყინული კონფლიქტი“ და „ჰიბრიდული ომი“ პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენთან კი ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისიდან გვაქვს. რაც შეეხება „გაყინულ კონფლიქტს“, რომელიც ჩემმა კოლეგებმა ახსენეს, უშუალო სამხედრო დაპირისპირების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობაა.

რუსეთი განაგრძობს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მომსწრენი გავხდით. თითქმის ყოველ კვირას ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები: ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და სიკვდილამდე აწამებენ.

დავუბრუნდები ჩემს ძირითად სათქმელს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კონფერენციიდან გამყვება და მემახსოვრება ის არის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნიშნავს მთელი ევროპის და ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ყველა ჩვენგანმა მიიღო დღეს. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დიპლომატიას, საქართველო სრულ ყურადღებას უთმობს და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ფილოსოფიას.

„2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის ჩაქრობის შეთანხმებას და რუსეთმა ვალდებულება იკისრა საქართველოდან თავისი სამხედრო დანაყოფების გაყვანაზე. ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ და შედეგი არ გვაქვს. წინსვლა არ მომხდარა ამ კუთხით. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. თუ ასე გაგრძელდება შავი ზღვის რეგიონში, ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს. მე მგონი, ეს ყველასთვის თვალნათელია.

დავუბრუნდები სხვა ნიშანდობლივ საკითხს. კიდევ ერთი რამ, რაც გამყვება მიუნხენის წლევანდელი უსაფრთხოების კონფერენციიდან ის არის, რომ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია უნდა შევძლოთ. სხვა გზა არ არსებობს. კონსოლიდაცია უნდა შედგეს. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა შევიმუშავეთ სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მის ფარგლებში ვცდილობთ ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ იმ ხალხს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობენ ცხოვრებას. ომამდე, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე 120 000 ადამიანი ცხოვრობდა იქ. ახლა 20 000 ადამიანზე ნაკლებია ადგილობრივი მოსახლეობა. ე.ი. 6-ჯერ ნაკლები! იქ ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს.

ძალისხმევის კონსოლიდაციით მე ამ სამშვიდობო ინიციატივების და პროგრამების ირგვლივაც ვგულისხმობ გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ძლიერი უსაფრთხოება უნდა შევქმნათ შავი ზღვის რეგიონში, რაც ევროპის ძალიან ძლიერ უსაფრთხოებას გულისხმობს.

თქვენ ასევე ახსენეთ „ევროოპტიმიზმი“. შეიძლება ნორმალური იყოს ამ განწყობის მატება ან კლება ევროპაში. უფრო მეტიც, ხანდახან უწყებები და ორგანიზაციები გამოწვევების გადალახვას ცდილობენ გაძლიერების მიზნით. ამიტომ, ქართველებს – ჩემ ერს – ძლიერი ევროკავშირის და ძლიერი ნატო-ს სწამს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.