მამუკა ბახტაძე - ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას
მამუკა ბახტაძე - ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას

ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ნატო-სკენ მიმავალ გზაზე დგას და ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ქვეყანა ამ გზაზე საკმაოდ წარმატებულია.

„ყველა აცნობიერებს, რომ ეს გზა გამოწვევებით სავსეა, თუმცა ნატო ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას და აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ამიტომ ჩვენი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია გეოპოლიტკურ სიტუაციაზე, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვაკეთებთ ყველასთვის. ნატო-ს ღირებულებისადმი ერთგულება უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველო არის იმ ერებს შორის, რომელიც მშპ-ს ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. ეს არის საკმაოდ დიდი წილი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სულ უფრო მეტი ნატო-ს წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ 11 სექტემბერს საქართველოს ტარდება მნიშვნელოვანი კონფერენცია.

„დღეს 11 სექტემბერია. 17 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ გააერთიანა თავისუფლების მოყვარული ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ თბილისში, საქართველოში ამ კონფერენციაზე, რომელიც დიდი ადამიანის, დიდი ამერიკელის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში თავისუფლების მხარდამჭერის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელს ატარეს. სენატორი ჯონ მაკკეინი ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.