მამუკა ბახტაძე - მთის კანონმა დადებითი შედეგები მოუტანა მოსახლეობას, ამ მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას ვაპირებთ
მამუკა ბახტაძე - მთის კანონმა დადებითი შედეგები მოუტანა მოსახლეობას, ამ მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას ვაპირებთ

მთის კანონის ფარგლებში 2019 წელს მეტი ინვესტიციის განხორციელება გვსურს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„კანონმა „მთის შესახებ“ ძალიან დადებითი შედეგები მოუტანა მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ბიუჯეტი. 2019 წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით გაზრდილია და გვსურს, მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ აღნიშნული კანონის ფარგლებში ჩვენს მთაში. ვფიქრობ, შემუშავებული სტრატეგია იქნება ძალიან წარმატებული, ვინაიდან, ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება – კერძოდ, ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითებს. მინდა, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მთის განვითარების სტრატეგიის ერთობლივად მომზადებაში გაწეული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე ძეგლთა დაცვა.

„ჩვენთვის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული ფასეულობაა. ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერი გვაქვს. ეს არის დიადი წარსული, რითაც ვამაყობთ. ძეგლთა დაცვა ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი საქმე გაკეთდა და ბუნებრივია, ეს მომავალშიც გაგრძელდება“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელებული რეფორმა, რომლის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდა. თუმცა, ხშირად ისმის კითხვა, რა იყო ამის მთავარი მოტივაცია.

„რა თქმა უნდა, გვქონდა სტრუქტურული არგუმენტი, რომ გვჭირდებოდა მცირე მთავრობა, მაგრამ ამავე დროს, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი არგუმენტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სწორედ ძლიერი განათლების სექტორი, ტრადიციებსა და ძლიერ კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოება და სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის იმ ფასეულობების კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ყოველთვის იზრდებოდნენ ძლიერი თაობები, ქმნიდნენ ძლიერ საზოგადოებას და შესაბამისად, ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.