მამუკა ბახტაძე - მშპ-ს 6,5 პროცენტიანი ზრდა მაგალითია იმისა, რომ მთავრობის რეფორმები ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული
მამუკა ბახტაძე - მშპ-ს 6,5 პროცენტიანი ზრდა მაგალითია იმისა, რომ მთავრობის რეფორმები ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული

მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმები სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული,  – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პოზიტიური დინამიკა უნდა შენარჩუნდეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ ინფორმაციას, რომელიც დღეს შევიტყვეთ – აპრილში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 6,5 პროცენტზე. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე. 6,5 პროცენტი მართლაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კვარტლის მაჩვენებლებიც საკმაოდ საინტერესო იყო. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დარჩენილი პერიოდი 2018 წლის ბოლომდე მსგავსი ტრენდით იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს რეფორმებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომ ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება თანაბრად გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე და მივიღოთ ინკლუზიური ტიპის ეკონომიკური ზრდა ანუ ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.