მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ბრიუსელში პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ
მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ბრიუსელში პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ვიზიტის ნაყოფიერს უწოდებს.

პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოში მისი ვიზიტი დღევანდელ ბრიფინგზე შეაფასა და ბრიუსელში საქართველოს მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ ვიზიტს ბრიუსელში. ეს გახლდათ პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დამთხვევა არ არის. ეს გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ სტუქტურებში ინტეგრაცია. ვიზიტი იყო ძალზედ ნაყოფიერი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენს მეგობარს ბრიუსელში გადავუხადო მადლობა, იმ ძალიან პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები გაკეთდა, ასევე, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ მოესმინა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ნატო-სგან. ამასთან ერთად, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დოლანდ ტუსკთან და ევროკომისრებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმატებულად ახორციელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობით ნაკისრ ყველა ვალდებულებას.

„თუმცა, აქვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ვაპირებთ ეს პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და ვადაზე ადრე შევასრულოთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო შექმნილი ახალი ფორმატის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა ნოემბერში გაიმართება.

„ამასთან ერთად, ვისაუბრეთ ახლად შექმნილი უმაღლესი ფორმატის მნიშვნელობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ვგეგმავთ პირველ შეხვედრას ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში 18-20 ივლისს შედგა.