მამუკა ბახტაძე დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
მამუკა ბახტაძე დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც რამდენიმე ქვეყნის ლიდერია მიწვეული. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა გახსნეს.

მანამდე პრემიერმა ლი კეციანმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება.

„უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე მიუთითებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დალიანში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მამუკა ბახტაძე ასევე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს აცნობს.

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში დღეს სრულდება.