მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა პრიორიტეტი, რომელიც მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობებს
მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა პრიორიტეტი, რომელიც მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობებს

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ახალ დონეზე და ამ ვიზიტის შედეგად საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაეხსნა.

„ჩვენ ერთობლივად აღვნიშნეთ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავი. შევაჯამეთ განვლილი გზა, ის რეფორმები, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით გავატარეთ. ის შედეგები, რომელიც გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების, სამხედრო თანამშრომლობისა და ყველა სხვა მიმართულებით, რაშიც ჩვენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან. ამასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ავსახეთ ის ერთობლივი პრიორიტეტები და ამოცანები, რომელიც უნდა იქნას მიღწეული. დოკუმენტი თავისი შინაარსით არის კონკრეტული, შედეგებზე ორიენტირებული და ამავე დროს საკმაოდ ამბიციური“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ნაყოფიერი პოლიტიკური შეხვედრები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, სადაც საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის რუსულ ოკუპაციას და იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია  საქართველოს მიმართ ახორციელებს.

„დეკლარაციის დიდი ნაწილი მიეძღვნა ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები უსაფრთხოების მიმართულებით. დოკუმენტი თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. მასში გამოიკვეთა პირველად ხედვა, რომ სწორედ საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში იყოს ეკონომიკური ცენტრი. მოვისმინეთ ასევე ძალიან ძლიერი გზავნილები საქართველოს მზარდ როლზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, რომ დასავლეთში ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეტანა გზავნილი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის უსაფრთხოებაზე საუბარი. დღეს შავი ზღვა აშშ-სთვის არის პრიორიტეტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბოლტონთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს როლს.

„მივიღეთ სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს გაცხადებული. ამასთან, იყო ნაყოფიერი შეხვედრა კონგრესში, კერძოდ შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა კომიტეტში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოხდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, სადაც გაცხადებულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც მომავალში უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. საკითხები, რომელიც ეხება ოკუპაციას, ადამიანის უფლებების დარღვევას, შესაძლო სანქციებს იმ ადამიანებისა და კომპანიების მიმართ, რომელიც არალეგალურ საქმიანობას აწარმოებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებს, მათ შორის ნატოში ინტეგრაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან გზავნილს თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ასევე სენატორ გრემთან.

„ვიზიტის პოლიტიკური ნაწილის ბოლო შეხვედრა გვქონდა აშშ-ს კომერციულ მდივანთან, რომლის შემდეგაც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან მემორანდუმს კომერციის მდივანსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი სადაც არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გაცხადებული. ჩვენი, როგორც რეგიონის ლიდერის ქვეყნის წარმოჩენაში ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩვენ აშშ-სთან ვაჭრობა 33%-ით გავზარდეთ. დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში წარმოდგენილი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი პოტენციალი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი ამერიკული კომპანია იყოს საქართველოში, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და ამერიკულმა მსხვილმა კომპანიებმა საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი გამოიყენონ, რათა რეგიონში განავითარონ თავიანთი ბიზნესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ასევე ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ყველა წამყვან ამერიკულ კომპანიასთან.

„გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები სან ფრანცისკოში, კერძოდ, სილიკონ ველიში. ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების ცენტრი. სწორედ ამ მიზნით გვაქვს ინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში იხილება. კერძოდ, ეს არის უპრეცენდენტო საგადასახადო რეჟიმი იმ კომპანიებისთვის, რომელიც ოფისებს საქართველოში გახსნიან და საქართველოდან განახორციელებენ ბიზნესს. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ საქართველო გახდება უახლოეს მომავალში აშშ-სთვის და ამ შემთხვევაში სილიკონ ველისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საინვესტიციო ფონდებთან ქალაქ სიეტლში, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა დალასში, კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები.

„ცალკე მინდა გამოვყო მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა, რომელიც ქალაქ მონრეალში შედგა. ჩემი დავალებით, ჩვენ კანადასთან ვმუშაობთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე, რომელიც იმედი მაქვს, წლის ბოლომდე გაფორმდება. ეს არის საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერისა და დაცვის შესახებ ხელშეკრულება. ეს იმის საფუძველს მოგვცემს, რომ მეტი ინვესტიცია მივიღოთ კანადის მზარდი ეკონომიკიდან.  მსურს განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ ჩვენს ეროვნულ იდეას – განათლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი