მამუკა ბახტაძე 20 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე - ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და განწყობას, რომ ძალის გამოყენებას არავინ გეგმავდა
მამუკა ბახტაძე 20 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე - ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და განწყობას, რომ ძალის გამოყენებას არავინ გეგმავდა

მას შემდეგ, რაც პასიური კორდონი აგრესიას ვეღარ აკავებდა, პოლიცია იყო იძულებული ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, მისი საპირისპირო განცხადებიდან რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლებოდა და რამდენჯერმე განხორციელდა იერიში პოლიციაზე.

„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას, რომ არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით. რამდენიმე იერიში და შეტევა განხორციელდა პოლიციაზე. იმ მომენტში, როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, პოლიცია იყო იძულებული, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. აგრესიული ძალის მხრიდან ჩვენს პოლიციელებზე იერიშის რამდენიმე ფაზა განხორციელდა. ეს ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.