მე ვერ ვხედავ ომის დამთავრების შანსს დღეს, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მე მაინც მგონია, რომ უფრო ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიძლება, იზრუნონ და გარკვეული დროის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდეს, მაგრამ ეს არ შეწყდება. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სამხედრო დოქტრინაში ძალიან მკაფიოდ იყო გაწერილი თავის დროზე, რომ ყირიმი არის მათი ინტერესის განსაკუთრებული სფერო, ფრაზაც კი მახსოვს, რომ ეს არის დასავლური ავიამზიდი შავ ზღვაში. ყირიმის მეშვეობით კონტროლი უნდა მომხდარიყო შავი ზღვის მთელი ჩრდილო ნაწილის და, განსაკუთრებით, იმ სივრცის, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი, ნოვოროსიისკი, ტუაფსე, აზოვის ზღვის ნაწილი და ასე შემდეგ. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, დღეს, უბრალოდ, აშშ-ს სხვა მიმართულებით აქვს აქცენტი, ეს არის წყნარი ოკეანის ის ნაწილი, რომელიც ჩინეთის გარშემოა, ჩინეთთან ახლოს, საერთოდ, წყნარი ოკეანის ის სივრცე. აი, ამ ადგილზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტები და აქედან გამომდინარე, ჩინეთის საწინააღმდეგოდ სჭირდება რუსეთის, ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი, სულ მცირე, და რუსეთის სივრცე, იქ ლაპარაკია წიაღისეულზე და ამ ყველაფერზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. ასეა თუ ისეა, მოკლედ, აშშ–ს დღეს სჭირდება სხვა ტიპის პოლიტიკა, ვიდრე ევროპას. ევროპისთვის აუცილებელია რუსეთის გაჩერება, იმიტომ, რომ საფრთხეს გრძნობს და სხვა მიდგომის დემონსტრირება ხდება. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ უფრო სწორია ასეთი პროგნოზი, რომ ომი არ დამთავრდება და მხოლოდ შეწყდება“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, აშშ-ის ზოგიერთმა შეცდომამ მისცა ბიძგი პუტინს, რომ თავის დროზე ეს ნაბიჯები გადაედგა.
„სხვათა შორის, აშშ-ის ზოგიერთმა შეცდომამ მისცა ბიძგი პუტინს, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა თავის დროზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ კოსოვოს აღიარებას. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ კოსოვოს აღიარებამ მისცა ბიძგი ამ ვითარებას, რაც დღეს არის. ყოველ შემთხვევაში, ამით ამართლებს რუსეთი განუწყვეტლივ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, უკრაინაზე თავდასხმას და ასე შემდეგ. ეს ხომ უკვე პროცესია, რამდენი წელია, 2006 წლიდან ვიდრე დღემდე“, – განაცხადა არეშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად აქვს დონალდ ტრამპს რეალური ბერკეტები იმისთვის, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა დაამყაროს და რას შეცვლის მისი როლი ამ ომთან მიმართებაში, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ტრამპის მიდგომას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
„უარყოფითი ის არის, რომ მას თავისი ქცევის სისტემა აქვს შექმნილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ერთის თქმას, მეორეს კეთებას და გარკვეული არასერიოზულობის განწყობას ქმნის. ვინც ამას ფიქრობს, ავიწყდება, რომ ასეთი ძლიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელია ტრამპი. ეს მინუსია, რასაკვირველია. ტრამპის პლუსი მე მაინც მგონია რაღაც განსაკუთრებული ზეწოლის, მიწოლის, აქტიურობის ფორმა. ხშირ შემთხვევაში ის პოლიტიკას ბიზნესის პრინციპებით აკეთებს და შედეგიც აქვს. ზოგ შემთხვევაში შედეგი აქვს მყისიერი, ზოგ შემთხვევაში – დროში გაწელილი, მაგრამ აქვს. მოკლედ, არაორდინალურია. თამაშის წესები, რომელიც ევროპის ლიდერებს აქვთ, არის აბსოლუტურად სხვანაირი და ეს თამაშის წესები კარგად იციან მოსკოვში. მოსკოვში არ უყვართ, ახალი მიდგომების დემონსტრირებას როცა ახდენს მოწინააღმდეგე და ევროპული თამაშის წესები იციან გადასარევად. ის ტიპი პოლიტიკოსების, რომლებიც დღეს ევროპაში არიან, კარგად ჰყავთ შესწავლილი და იციან, როგორ დაელაპარაკონ, ტრამპის ქმედებები კი არის არაპროგნოზირებადი ზოგ შემთხვევაში და ეს მოსკოვში დისკომფორტს იწვევს. აქედან გამომდინარე, იციან, რომ ტრამპის უკან სერიოზული ძალა და გავლენები დგას და ამიტომ ცდილობენ, წინასწარ გათვალონ, მაგრამ იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ხშირ შემთხვევაში წინასწარ გათვლა ვერ ხდება და არ ხდება. გარდა ამისა, რომ აჰყვნენ ტრამპს კონტრთამაშში, ეს გამოიწვევს მათ უფრო და უფრო დამცირებას პეკინის ურთიერთობის ფორმატში. თავიდან, ვიდრე დაიწყებოდა უკრაინის კონფლიქტი, ისინი იყვნენ თანაბარი პარტნიორები, მერე რუსეთი გახდა უმცროსი პარტნიორი და ახლა პარტნიორიც აღარ არის, უმცროსი ძმაა. ეს კრემლის ელიტისთვის არის უაღრესად სერიოზული დარტყმა თავმოყვარეობაზე. რაც უფრო მეტად გაგრძელდება ტრამპთან ეს ჭიდაობა, მით უფრო დამცირდება მათი მდგომარეობა პეკინის თვალში. იმიტომ, რომ ეკონომიკური, გავლენების, ზურგის თვალსაზრისით ძალიან დამოკიდებული გახდა რუსეთი ჩინეთზე, რაც ადრე არ იყო“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, დღეს ევროპული მრეწველობა ძალიან სერიოზულად გადადის სამხედრო რელსებზე, ჯარში გაწვევის საკითხი ძალიან აქტიურია გერმანიაში და კარგად შეიარაღებული, მილიტარიზებული გერმანია რაც არის, ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა.
„აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, ევროპა, აი, ამისთვის ემზადება“, – განაცხადა არეშიძემ.
