მამუკა არეშიძე – მიხარია, რომ კავკასიაზე არ არის აქცენტი ამ რთულ მოვლენებში, შემოვიფარგლეთ ტრამპის გზით, ზანგეზურის დერეფნით, ვითარება ისეთია, რომ არც სულ გაყურსვა ღირს და არც განსაკუთრებული აქტივობა

01:46, 21.01.2026

აშშ რომ დომინანტი სახელმწიფო იყოს გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში მსოფლიოში, ეს ძალიან უნდა და ყველაფერი აქეთკენ მიდის, – ამის შესახებ კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

არეშიძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას – „რა პერსპექტივა აქვს მსოფლიოს და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, თუ მოვლენები ტრამპისეული სცენარით განვითარდა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით უკან დაიხიოს, ხოლო თუ არ დაიხევს, რას მივიღებთ და რა ბედი ელის ნატო-ს და ევროკავშირს?“

„1951 წლის ხელშეკრულებით, აშშ აკონტროლებს გრენლანდიას, ბაზაც აქვს და ყველაფერი. ჩინელებმა მართლა მოინდომეს იქ ორი აეროპორტის რესტავრაცია-განახლება და ამით შესვლა იქ, მაგრამ ამერიკელებმა თვალები დააბრიალეს და არავინ აღარ მოინდომა არაფერი. მე მაინც მგონია, რომ ეს არის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა დანარჩენ მსოფლიოზე, მე ვარ და ჩემი ნაბადის ტიპის, ქუჩური, დაახლოებით ასეთი, რომ უნდა გამივიდეს უფრო მეტის მოთხოვნა, რომ ნაკლები შეისრულოს. შეიძლება, სულ არ დასჭირდეს დღეს ასეთი ფორმით გრენლანდიის აღება, მაგრამ აშშ რომ დომინანტი სახელმწიფო იყოს გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში მსოფლიოში, ეს ძალიან უნდა და ყველაფერი აქეთკენ მიდის. იგულისხმება მთელი მსოფლიო მინუს ჩინეთი ჯერჯერობით, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებაც ცდილობს, პრობლემები არ შექმნას. აშშ ჰეგემონი იყო წლების განმავლობაში, მერე შეიცვალა ის ვითარება და პრაქტიკულად რა დახვდა ტრამპს, როგორი მსოფლიო? უბრალო ენით რომ ვთქვათ, ტყუილი სუპი, ბავშვებს რომ აჭმევენ. რაზეც იყო ლაპარაკი, რა მემკვიდრეობაც ერგო ამერიკას მეორე მსოფლიო და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ის არ იყო იმ ფორმით, როგორც იყო ნათქვამი, რომ ამ სკივრში არის მემკვიდრეობა ამ ჩვენი სახელმწიფოსი. ევროპა ჩამოკიდებული იყო აშშ-ზე სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც; როგორც ძუძუმწოვარი გოჭი, ისე იყვნენ ჩამოკიდებული მთელი ევროპული ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი რესურსები ჰქონდათ, მაგრამ ეს რესურსები გაჰქონდათ კეთილდღეობის კეთების საქმეში. მართლებიც იყვნენ თავისებურად, მაგრამ ძალიან ნაწყენია ტრამპი გერმანიაზე, რადგან ტრამპი თვლის, რომ აშშ-მა შეძლო გერმანიის იმ ნაწილის შენარჩუნება, რომ გადაერჩინა სტალინისგან და გერმანიამ დაუფასა იმით, რომ წლების განმავლობაში ქმნიდა თავის ეკონომიკას რუსეთთან ჩახუტების ხარჯზე და ასე შემდეგ. ტრამპის გაგებით, ევროპა ექცეოდა აშშ-ს, როგორც მეწველ ძროხას და მას ამის შეცვლა უნდა“, – განაცხადა არეშიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აქვს ევროკავშირს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა ტრამპის სურვილებს, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ევროპას რესურსი აქვს და შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს ევროპაშია, ტრამპს ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

„ამ პოლიტიკური ელიტის ორი წარმომადგენელი არის ამერიკული სერიოზული საფინანსო სტრუქტურების სკოლაგავლილი, იქაური დირექტორთა საბჭოს წევრები, მერცი და მაკრონი. ბრიტანეთი არ ითვლება, ეს არის პრაქტიკულად შუალედური და საჭირო რგოლი  ევროპასა და ამერიკას შორის. დანარჩენები, რომ გითხრათ, რომ რომელიმე ისეთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული ამინდი შექმნას, ეს ასე არ არის“, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ტრამპი მიიჩნევს, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მას დახვდა, რაც დაუშვა ამერიკის წინა ხელისუფლებამ, რომ საშუალება მისცა ჩინეთს, დაუფლებოდა მსოფლიოს იშვიათი წიაღისეული რესურსის 70%-ს, მათ შორის, ამერიკის კონტინენტზეც.

„მაღალი ტექნოლოგიის განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებები დღეს დიდწილად, და პერსპექტივაშიც, ჩინეთის ხელშია. ეს იყო მისთვის განსაკუთრებული და ამერიკული ხვალინდელი დღისთვის ძალიან მძიმე დარტყმა. ბევრი სხვა ამდაგვარი საკითხია, ამიტომ პრაქტიკულად, როცა გრენლანდიაზე მიდის ლაპარაკი, დაახლოებით, ამ პრინციპით არის – „რძალო, შენ გეუბნები, მულო, შენ გაიგონეო“, დანარჩენი მსოფლიოსთვის არის ბრძოლა, ოღონდ გრენლანდია ამის მაგალითია და სულ ეს არის“, – განაცხადა არეშიძემ.

როგორც კავკასიოლოგმა აღნიშნა, კარგია, რომ კავკასიაზე არ არის ასეთი აქცენტი გაკეთებული.

„მიხარია, რომ კავკასიაზე არ არის ასეთი აქცენტი გაკეთებული. ჯერჯერობით შემოვიფარგლეთ ამ ტრამპის გზით, ზანგეზურის დერეფნით და ღმერთმა ამ სტადიაში დაგვტოვოს. ვგულისხმობ იმას, რომ არ ვიყოთ ეპიცენტრში ამ რთული მოვლენების განვითარების. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი არ არის ასეთი სასიხარულო, ვთვლი, რომ უახლოეს მომავალში ამის რიგიც მოვა და ძალიან სერიოზული ფორმით მოხდება ამ ყველაფრის გარჩევა. მე აქ ომს არ ვგულისხმობ, გვეყოფა, რაც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერიოზული ბრძოლა უკვე მიმდინარეობს, რომ გაკონტროლდეს, როგორც სავაჭრო გზები, ისე ქვეყნები და ქვეყანათა ჯგუფები. ეს ჩანს უკვე. ახლა, მაგალითად, აშშ-მა გადადგა საკმაოდ უსიამოვნო ნაბიჯი, როცა ისევ მიატოვეს ქურთები. სხვათა შორის, ეს ტრადიციული ნაბიჯია მსხვილი ქვეყნებიდან. პრაქტიკულად, სირიის პირობებში მოვლენების განვითარება ისე ხდება, რომ ძველ ამბებს გვაგონებს, როგორც ყოველთვის, გამოიყენებენ და მიატოვებენ, მაგრამ ძალთა გადალაგების პროცესი თურქეთის გარშემო ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ცალკე ბრიტანელების პროექტი, რომელსაც ჰქვია „დიდი თურანის“ პროექტი და ცალკე ირანთან დაკავშირებული თემები. მოკლედ, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჩვენი საზღვრებისგან შორს წევს საკვანძო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ხვალ-ზეგ დადგება ამის საკითხი. მე არ ვიცი, როგორი ფორმის იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები როგორ ფორმაში შეხვდებიან ამ დღეს, რა მდგომარეობაში იქნება უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება და რა მდგომარეობაში იქნება ევროპისა და აშშ-ის დაპირისპირება. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ყველა ვერსია გათვლილი უნდა გვქონდეს. მოკლედ, ვითარება ისეთია, რომ არც სულ გაყურსვა ღირს, ჩუმად იყო, ვითომ არაფერი არ ხდება შენ გარშემო და არც ძალიან განსაკუთრებული აქტივობა არ ღირს, რადგან ამან, შეიძლება, ცუდი შედეგები მოიტანოს“, – განაცხადა არეშიძემ.

მსგავსი