მამუკა არეშიძე - გახარიას 20 ივნისის საქმის სწრაფად გამოძიება ვთხოვეთ, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესი დროში გაიწელოს
მამუკა არეშიძე - გახარიას 20 ივნისის საქმის სწრაფად გამოძიება ვთხოვეთ, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესი დროში გაიწელოს

ანალიტიკოსებმა გახარიას 20 ივნისის საქმის სწრაფად გამოძიება და კითხვებზე პასუხების დროულად გაცემა ვთხოვეთ, გახარიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესი გაიწელოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა არეშიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შს მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა სურს.

მამუკა არეშიძის განცხადებით, მათ დეტალურად განიხილეს 20 ივნისის ღამის მოვლენები და გახარიამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში იყო ძალის გადამეტება.

„შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა ყველა ტიპის დარღვევებზე, რომელიც იქ მოხდა, მაგრამ კონკრეტიკა იყო ნაკლები. აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და აღნიშნა, რომ გადაცდენის რამდენიმე შემთხვევა იყო. ერთი მაგალითი თავადაც მოყვა  და აღნიშნა, რომ 50 მეტრიდან სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდა ერთ-ერთი სამართალდამცველი, ეს მისი სიტყვებია. ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინა.  ჩვენ აქტიურად ვთხოვდით, როდის გაეცემა მთავარ კითხვას პასუხი, რა მოხდა იმ დღეს. მან თქვა, რომ პრინციპში გარკვეული პასუხები არსებობს, ჯერ პროცესია და ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლოა, დროში გაიწელოს, რაც ჩვენთვის იყო არასასიამოვნო მოსასმენი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.