მამარდაშვილმა ისევ კარგად ითამაშა - „ვალენსია“ ლა ლიგის ლიდერია #1TVSPORT
მამარდაშვილმა ისევ კარგად ითამაშა - „ვალენსია“ ლა ლიგის ლიდერია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა. „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ „ალავესი“ მიიღო, რომლის სარეზერვო გუნდშიც გიორგი გაგუა თამაშობს და დამაჯერებლად დაამარცხა.

„ვალენსიამ“ თამაში ძალიან იღბლიანად დაიწყო და ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა. დენის ჩერიშევის გადაცემით დანიელ ვასმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს კარლოს სოლერმა ეფექტური გოლით „ვალენსიას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მე-60 წუთზე გონსალო გედეშმა სტუმართა კარი მესამედაც აიღო და საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 3:0 გაიმარჯვა.

გიორგი მამარდაშვილს საქმეში ჩართვა 24-ე წუთზე მოუხდა, როდესაც შვედმა ჯონ გუიდეტმა კარის აღება „მაკრატელათი“ სცადა, მაგრამ ქართველმა მეკარემ პოზიცია ზუსტად შეარჩია და ბურთი უპრობლემოდ აიღო. 56-ე წუთზე გიორგიმ მასპინძლები აშკარა გოლისგან გადაარჩინა, როდესაც ახლოდან მეტიუ მიაზგას თავურ დარტმაზე დროული რეაგირება მოახდინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

რაც მთავარია, მამარდაშვილი ფეხით ბევრად უკეთ თამაშობდა, ვიდრე წინა ტურის შეხვედრებში – გიორგის უფრო მეტი სითამამეც შეეტყო და არა მხოლოდ მოკლე გადაცემებს აკეთებდა, არამედ, შორეული გადაცემებითაც ცდილობდა „ვალენსიას“ შეტევების წამოწყებას.

სამი ტურის შემდეგ, ლაივ-ცხრილში „ვალენსია“ 7 ქულით პირველ ადგილზეა და ლა ლიგის გათამაშებას ლიდერობს.