გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ჟირონას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარე ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა მასპინძელთა დაცვის ჩავარდნის შედეგად 32-ე წუთზე გახსნეს. ვიკტორ ციგანკოვის განვითარებული იერიში სავიომ დააგვირგვინა.
„ჟირონამ“ უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდა და ისევ უკრაინელი ფეხბურთელის დახმარებით. 58-ე წუთზე თავი კვლსვ უკრაინელმა ლეგიონერმა, ამჯერად არტემ დოვბიკმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ კარში „ვალენსიის“ მოთამაშემ, იარეკ გასიოროვსკიმ ჩაჭრა. მასპინძლებმა 84-ე წუთზე პეპელუს პენალტით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზე დარჩა, ხოლო „ჟირონა“ (78) მესამე პოზიციაზეა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, ლა ლიგის სამეულში ადგილი გაინაღდა.