მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ბილბაო“ დაამარცხა და ევროზონას დაეწია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ქართველ მეკარეს რთული გამოცდა ელოდა, რადგან „ვალენსია“ შინ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, მესამე ადგილზე მყოფ გუნდს მასპინძლობდა.
ბასკებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მამარდაშვილს ორჯერ მოუხდა სახიფათო შეტევის მოგერიება. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა 29-ე წუთზე განხორციელებული იერიში, როდესაც კარის წინ ნიკო უილიამსი დარჩა, მაგრამ ქართველმა მეკარემ პოზიციაც ზუსტად შეარჩია და საიმედოდ ითამაშა.
ბილბაოს „ატლეტიკის“ გეგმები მეორე ნახევარში აირია. 61-ე წუთზე ხოსე გაიას ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით უგო დურომ დააგვირგვინა და „ვალენსია“ დააწინაურა. „ატლეტიკს“ ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე შეეძლო, მაგრამ უნაი გომეზის დარტყმას მამარდაშვილი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.
საბოლოოდ, შეხვედრა „ვალენსიას“ გამარჯვებით დასრულდა, გიორგი მამარდაშვილის გუნდი 32 ქულით მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „რეალ სოსიედადს“ დაეწია, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.