მამარდაშვილი, შესაძლოა, „ვალენსიაში“ იჯარით ორი წელი დარჩეს - ესპანელი ფანები ქართველ მეკარეს მადლობას უხდიან [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსიას“ გულშემატკივრები ფაქტობრივად შეეგუენ იმ მოცემულობას, რომ გიორგი მამარდაშვილი კლუბს დატოვებს. ესპანელი ფანები მას მადლობას უხდიან, ხოლო „ლივერპულის“ ქომაგები ქართველის თამაშით აღტაცებულები არიან და მიიჩნევენ, რომ მამარდაშვილს ალისონ ბეკერის შეცვლა შეუძლია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი დაიწერა.
„850 ათას ევროდ მოვიდა და 40 მილიონად აპირებს წასვლას. გავარდნისგან გადაგვარჩინა და ეუბნება „ლივერპულს“, რომ ან ძირითადში ითამაშებს, ან იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება. ეს ქართველი ბევრზე მეტად ვალენსიელია – ლეგენდარული მეკარე, გმირი და ლეგენდა გიორგი მამარდაშვილი“.
„გიორგი მამარდაშვილმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, არ წავიდეს იჯარით „ბორნმუთში“ და დარჩეს „ვალენსიაში“, მას შემდეგ, რაც „ბარსელონასთან“ მატჩში „მესტალიას“ მხარდაჭერა იგრძნო“.
„ერთი წლის წინ ლა ლიგიდან რომ არ გავვარდით, მამარდაშვილის დამსახურება იყო – ეს ხალხს არ ავიწყდება“.
„მამარდაშვილი უფრო მეტ სიყვარულს იჩენს კლუბის მიმართ, ვიდრე ფერანი, სოლერი, ალკასერი და ა.შ. გაუმარჯოს ქართველს“!
(„ლივერპულის“ ფანი): „ტყუილი არ შემიძლია ვთქვა, მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ ერთი-ორჯერ მისი მომენტები ვნახე. საკმარისად კარგია, რომ საბოლოოდ ალისონი შეცვალოს? ყოველ შემთხვევაში, თავად ნახავთ მისი გამორჩეულ მომენტებს და თავად შეაფასებთ“.
„ჩემთვის შენ უკვე ლეგენდა იყავი, მაგრამ კიდევ უფრო დაფასდი – დონ გიორგი მამარდაშვილი, შენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ხარ“.
გამოცემა MundoMestalla საინტერესო ვერსიას ავრცელებს: „ლივერპული“ ერთ წელს იჯარით გაუშვებს მამარდაშვილს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ „ვალენსიაში“ კიდევ ერთი წელიც დატოვოს, თუ ალისონი ისევ ინგლისელების ძირითად მეკარედ დარჩება“.