მამარდაშვილი „სევილიასთან“ გამორჩეული იყო - „ვალენსიამ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში „ვალენსიას“ შემადგენლობაში, რომელიც გასვლაზე ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, „სევილიას“ სწორედ ქართველის კარგი თამაშის წყალობით დაუზავდა – 1:1.
„მესტალიელები“ მეტოქეს „სანჩეს პისხუანზე“ ესტუმრნენ და მე-6 წუთზე ედინსონ კავანის გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ „სევილიას“ გათანაბრება რამდენიმეჯერ შეეძლო, მაგრამ ყველა ჯერზე გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავად თამაშობდა. მე-8 წუთზე ჯერ ნემანია გუდელის დარტყმა გაანეიტრალა, ხოლო მე-17 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შესაძლებლობა რაფა მირმა (სევილია) გაანიავა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ მამარდაშვილმა ფანტასტიკური სეივით ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საქართველოს ნაკრების მეკარემ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთშიც ზედიზედ ორჯერ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. 61-ე წუთზე ნემანია გუდელმა კარგი პოზიციიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთს ქართველი მეკარე შესანიშნავ ნახტომში გადაეფარა.
62-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ერიკ ლამელას ჰქონდა, მაგრამ ქვედა მარჯვენა ძელთან დარტყმულ ბურთზე მამარდაშვილმა ისევ შესანინშავი რეაგირება მოახდინა.
„სევილიამ“ წონასწორობა მხოლოდ 86-ე წუთზე აღადგინა. ერიკ ლამალამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმით და ეფექტური გოლით დააგვირგვინა.
„ვალენსიას“ მოგება შეეძლო, მაგრამ 90+2-ე წუთზე ხოსე გაიამ პენალტი ვერ გამოიყენა და მატჩი 1:1 დასრულდა და „მესტალიელები“ 10 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-8 ადგილზე არიან.