მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის მეკარეა - ქართველი სეზონში მეორედ აღიარეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს – ინფორმაცია ესპანეთის ჩემპიონატის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ლა ლიგის 34-ე ტურში გასვლაზე „ვალენსიამ“ ვიგოს „სელტასთან“ შეხვედრა 2:1 მოიგო და ლიგაში დასარჩენად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, ამაში კი ქართველმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა.
მამარდაშვილმა წამყვანი სტატისტიკური პორტალებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა – sofascore-მ და whoscored-მა 7,5 ქულა დაუწერეს, ხოლო flashscore-მა – 7,8 ქულა.
რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების 22 წლის კიპერი ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. გიორგის მხარესაა სტატისტიკაც – ხუთი სეივის გარდა, მამარდაშვილმა წამოიწყო „ღამურების“ პირველი საგოლე შეტევა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან დიეგო ლოპესმა ჯასტინ კლუივერტს გაუგრძელა, ნიდერლანდელმა კი ანგარიში გახსნა.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის ანგარიშზე 93 სეივია და ამ მაჩვენებლით ლა ლიგის საუკეთესოთა ხუთეულშია. „ჯვაროსნების“ პირველი ნომერი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ პირველად ესპანეთის ჩემპიონატის ვებგვერდმა მე-20 ტურში, „ჟირონასთან“ ასევე გასვლაზე მოგებული (0:1) მატჩის შემდეგ დაასახელა.