მამაკაცს, რომელმაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა.
სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისა და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ხონში ფსიქიატრიულში მკურნალობდა, წამლებს სვამდა, თუმცა ბოლო 10 დღე შეწყვეტილი ჰქონდა.
გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის ნაცნობობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს, 12 საათზე ჩაინიშნა.