მამაკაცმა, რომელმაც მილუოკიში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა
მამაკაცმა, რომელმაც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში, ლუდსახარში კომპანიის შენობაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა, ალფონსო მორალესმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, დაზუსტებული მონაცემებით, თვითმკვლელობამდე თავდამსხმელმა ხუთი ადამიანი მოკლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია შვიდი გარდაცვლილის შესახებ.
თავდამსხმელი მილუოკის 51 წლის მცხოვრებია. ის ლუდსახარში კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომელია. მის მიერ მოკლული პირები ასევე ამავე კომპანიის თანამშრომლები არიან.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
ქალაქის მერმა, ტომ ბერეტმა მომხდარს საზოგადოებრივი ტრაგედია უწოდა.
ვისკონსინში მომხდარი სროლის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.