პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ცალკეული სასულიერი პირი თუ განსხვავებულად საუბრობს, კრძალავს ვაქცინაციას ან ამბობს, რომ ეს ცოდვაა, ეს არასწორი საქციელია
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ცალკეული სასულიერი პირი თუ განსხვავებულად საუბრობს, კრძალავს ვაქცინაციას ან ამბობს, რომ ეს ცოდვაა, ეს არასწორი საქციელია

ცალკეული სასულიერი პირი თუ განსხვავებულად საუბრობს, კრძალავს ვაქცინაციას ან ამბობს, რომ ეს ცოდვაა, ეს არის არასწორი საქციელი და ამის შესახებ უნდა ეცნობოს ეპარქიის ეპისკოპოსს, რათა დაუყონებილვ იქნას გადაწყვეტილება მიღებული ამა თუ იმ სასულიერი პირის გაფრთხილებასთან და საჭიროების შემთვევაში დასჯასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.

როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, ეკლესია ძალიან შეწუხებულია ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით, ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა.

„ეკლესიის დამოკიდებულება მკაფიოდ გამოვლინდა წმინდა სინოდის სხდომის ოქმის სახით. წმინდა სინოდი, რომელსაც ყოველთვის თავმჯდომარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მიიღო გადაწყეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი ექიმების, სამედიცინო საზოგადოების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამ ყველაფერს აკეთებენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ მან პიროვნულად მიიღოს გადაწყეტილება, ამავე დროს ეკლესია იძულებით თავს არ ახვევს რომელიმე ადამიანს ამას.

„როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში არის ნათქვამი, რომ იძულებითი ვაქცინაცია არ შეიძლება. ეს არის ეკლესიის კომპეტენციის მიღმა. მოსახლეობაში უნდა გაიზარდოს ცნობიერება, რამდენად სასარგებლოა ვაქცინაცია, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სამედიცინო პერსონალზე, რომ მოსახლეობას ნათლად აუხსნან ვაქცინაციის სარგებლიანობა. ეკლესიამ განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, თუმცა რადგან კომპეტენციის მიღმაა, აქტიურად ვერ ჩაერთვება იმ პროცესებში, რომ მოუწოდოს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ. სამღვდელოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე, რაც ეკლესიას უკავშირდება, არსებობდეს სრული გარკვეულობა, არ უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, როცა ერთი ადამიანი განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს იმ დამოკიდებულებისას, რაც წმინდა სინოდს აქვს. არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება იქადაგოს ასწავლოს განსხვავებულად იმ დადგენილებისა, რომელიც წმინდა სინოდმა მიიღო. სასულიერო პირმა სწორად უნდა გადასცეს საზოგადოებას წმინდა სინოდის დამოკიდებულება და არა ის, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს, განსხვავებული დამოკიდებულება წარმოაჩინოს მრევლთან, ცალკეულ ადამიანებთან. თუ ცალკეული სასულიერი პირი განსხვავებულად საუბრობს, კრძალავს ვაქცინაციას ან ამბობს, რომ ეს ცოდვაა, ეს არის არასწორი საქციელი და ამის შესახებ უნდა ეცნობოს ეპარქიის ეპისკოპოსს, რომ დაუყონებლივ იქნას გადაწყვეტილება მიღებული ამა თუ იმ სასულიერი პირის გაფრთხილებასთან და საჭიროების შემთვევაში დასჯასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.