მამა დავით ნოზაძე - ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეიძლება მღვდელმა გააკეთოს, რომ ეს აღლუმი არ შედგეს 
მამა დავით ნოზაძე - ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეიძლება მღვდელმა გააკეთოს, რომ ეს აღლუმი არ შედგეს 

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ შეიძლებოდა, ეს კანონი მხოლოდ ლგბტ-ებისთვის მიიღეს, – ამის შესახებ დღეს მამა დავით  ნოზაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის პრაიდის თემასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებს მამა ვახტანგ დავითაშვილთან ერთად გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეკლესიას არ შეუძლია, ცოდვაზე თქვას, რომ ეს არის სწორი.

„ევროკავშირიდან, ამერიკიდან მათი საელჩოების მეშვეობით ხელისუფლების და პარლამენტარების დამუშავება დაიწყეს, რომ ლგბტ თემის დამცველი კანონები მიეღოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ შეიძლებოდა, ეს კანონი მხოლოდ ლგბტ-ებისთვის მიიღეს. დღეს უკვე მთავრობას კონსტიტუციით ელაპარაკებიან. იძულებულები არიან, შეასრულონ. ეკლესიას უკვე მუქარით საუბარი დაუწყეს. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა მოტყუებით, როგორ მიიყვანეს ეკლესიის სამღვდელოება თითქოს, ჩაიზე სასაუბროდ, შემდეგ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ეკლესიას დაუთმობელი უნდა დაეთმო. ეკლესიას არ შეუძლია, რომ ცოდვაზე თქვას, რომ ეს არის სწორი. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება ძალადობად შერაცხონ“, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები ძალიან მიზანდასახული და აგრესიული არიან.

„ამიტომ მათთან ერთი პატარა რაღაცის დათმობას გამარჯვებად აღიქვამენ. ზოგიერთი ადამიანი უკვე ეკლესიაშიც იპოვეს. ყველამ კარგად იცის მით უმეტეს, ეკლესიის წევრებმა, რომ ძალადობა
მიუღებელია. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს ცოდვა ცოდვა არ არის და ცოდვა წახალისებული უნდა იყოს, ვინ ხარ? არც მეტი არც ნაკლები, ღმერთის მტერი. ახლა უკიჟინებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ ვერ დაიცავთ ლგბტ თემს და უსაფრთხოებას რატომ ვერ უზრუნველყოფთო. იცით რაებს გააკეთებენ ეს ხალხი?  ხალხს აიძულებენ, რომ ნებისმიერი მეთოდით იქნებ ვინმე მოკვდეს. მათთვის იქ მსხვერპლი, ერთი-ორი კაცი თუ მოკვდება არაფერი არ არის. თავიანთ მომხრეებს არაფრად არ თვლიან. მთაში მწყემსს ცხვარი უფრო ენანება, ვიდრე ეს საცოდავი ადამიანები მას, ვინც ამ ყველაფერს უკვეთავს, “, – განაცხადა მამა დავით  ნოზაძემ.

მისი თქმით, რაც შესაძლებელია, ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნული აღლუმი არ ჩატარდეს.

„როდესაც საელჩოებმა დაინახეს, რომ ეკლესია პოზიციაზე ურყევად იდგა და ხელისუფლებაც ამბობდა, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდა, უბრძანეს, რომ კანცელარიის კიბეებთან დამსხდარიყვნენ. ვფიქრობ, თვითონ ამ ადამიანებს, რცხვენიათ ასეთები რომ არიან, მაგრამ საელჩოები აიძულებენ, ეს თავიანთი საცოდავი მდგომარეობა სააშკარაოზე გამოიტანონ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც საელჩოები მართავენ. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეიძლება მღვდელმა გააკეთოს, რომ ეს აღლუმი არ შედგეს. მე საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი მღვდელი ვარ, მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, – აღნიშნა მოძღვარმა.

ამასთან, მისივე თქმით, ლევან ვასაძემ თავად უნდა განმარტოს, რას გულისხმობდა.

„კომბლე კარგი ზღაპარია. უბრალო კაცმა ცუდი თავადი დაამარცხა, კომბალი გათალა და სადღაც შემოდო. კარგად იცით, კომბლებით სიარულს ქალაქში არავინ არ დაიწყებს. ლგბტ წარმომადგენლებს ქამრებით შებოჭავენ? მოწოდება ჩემი აზრით რეალურია იმ მხრივ, რომ შევიკრიბოთ და ასეთი ამბავი არ დავუშვათ. კომენტარებს რომ აკეთებენ,თითქოს პოლიციას კომბლებით შეუტევდნენ, ჩემი აზრით არც ვასაძეს არ უფიქრია. მაგდენი კომბალი სად არის“, – განაცხადა მამა დავით  ნოზაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გურამ ფალავანდიშვილის აგრესიულ ადამიანად წარმოჩენა არასწორია.

„ვასაძეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არც გურამ ფალავანდიშვილს არ იცნობთ. ასეთი წყნარი კაცი შეიძლება, საახლობლოშიც ვერ მოიძებნოს. თვინიერი, წესიერი, ხმის ამომღები კაცი არ არის ოღონდ ვინმემ ზნეობის წინააღმდეგ რამე არ გააკეთოს. ფალავანდიშვილი წარმოაჩინეს, თითქოს აგრესიული ადამიანია. ორმაგი სტანდარტებია. კაცმა კომბალი ახსენა და დაკითხვაზე წაიყვანენ. ზოგმა რევოლუცია დაანონსა და არავინ არაფერს ეუბნება. მგონი, ჩუმად ისევ ნაციონალები მართავენ ამ ქვეყანას“, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

მამა ვახტანგ დავითაშვილის თქმით ლო. თუ აღლუმი ჩატარდება, მისი თანამონაწილეა, ვინც ხმას არ ამოიღებს.

„მათი გავლა და აღლუმის მოწყობა რა არის, თუ არა ზეიმი და მათი გამარჯვების დემონსტრირება. ჩვენ გვწამს, რომ როცა ცოდვა მრავლდება, იქ ღვთის მადლი ცილდება. რაც ქვეყანაში ცოდვა გავრცელდება, ეს აღლუმი ჩატარდება და ხმას არ ვიღებთ, ჩვენც ამის თანამონაწილეები ვართ. დასავლური კურსი ეს ქვეყნის არჩევანია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ თუ ეს საელჩოები და სატელიტი არასამთავრობოები ჩვენ ევროპას ასე დაგვანახებენ, ძალიან ბევრი ადამიანი აზრს შეიცვლის. თუ ლგბტ პრაიდის გამართვას გადაწყვეტენ, გამოსვლებს აუცილებლად ვიხილვთ. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება და დღევანდელი საზოგადოება ამას არ იღებს“, – განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.

მისი თქმით, ხალხი ამის წინააღმდეგ დადგება.

„თუ ისინი მსვლელობას დაიწყებენ დავდგებით და არ გავატარებთ. ეს მათი უფლებების შეხღუდვაა? კი ბატონო, სამაგიეროდ, ჩემგან ღვთის ნების აღიარებაა. იქ მთავრდება მათი უფლებები, სადაც საკითხი ჩემს ღირებულებებს ეხება. სადაც ისინი შეიკრიბებიან დახურულ სივრცეში, მივალ ვეტყვი და ვთხოვ, რომ ასე ნუ იქცევიან, გამოსწორდი და ღვთის ნება აღასრულე. მე რომ მღვდლად მაკურთხეს, პირობა დავდე, რომ ასე გავაკეთებ. ყველა მღვდელი სიმართლის სათქმელადაა მოწოდებული“, – განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.