მალტა მზად არის, მიიღოს სამაშველო გემი Lifeline, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება. „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მატელ კლეგასთან ჯოზეფ მუსკატთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ამავე დროს, იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ იტალია აღნიშნული გემის ბორტიდან რამდენიმე მიგრანტს მიიღებს, თუმცა რიცხვი არ დაუკონკრეტებია. ჯუზეპე კონტემ იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიურს გააკეთებენ სხვა ევროპული ქვეყნები.
ხომალდი Lifeline გერმანულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნის. გასულ კვირას გემმა ხმელთაშუა ზღვაში 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალები, თუმცა მალტამ და იტალიამ მათ მიღებაზე უარი თქვა. გემის მიღებაზე უარი თქვა ესპანეთმაც, რომელმაც მანამდე ხომალდი Aquarius-ი მიიღო.
შეგახსენებთ, მანამდე იტალიამ და მალტამ უარი თქვეს სამაშველო გემის Aquarius-ის მიღებაზე. ორგანიზაციის SOS Méditerranée-ის კუთვნილი ხომალდის ბორტზე 629 მიგრანტი იმყოფებოდა. მოგვიანებით გემი ესპანეთმა ვალენსიის პორტში მიიღო.