მალკომ ჩალმერსი - ალიანსის წევრების ინტერესი რუსეთის მიმართ გაზრდილია, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოსა და უკრაინაში მოსკოვის ​ინტერვენციაა
მალკომ ჩალმერსი - ალიანსის წევრების ინტერესი რუსეთის მიმართ გაზრდილია, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოსა და უკრაინაში მოსკოვის ​ინტერვენციაა

მართალია, საქართველო და უკრაინა არ არიან ნატო-ს წევრები, მაგრამ ეს ქვეყნები არიან ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორები, – ამის შესახებ სამეფო სერვისების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მალკომ ჩალმერსმა საქართველოს პირველ არხთან ლონდონში, ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მალკომ ჩალმერსმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსის წევრების ინტერესი გაზრდილია რუსეთის მიმართ, არის მოსკოვის ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინაში.

„ლიდერთა შეხვედრა ნატო-ს 70 წლის საიუბილეო შეხვედრაა, ეს არის წარმატების აღნიშვნა, მაგრამ ასევე იყურება მომავლისკენ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ეს ღონისძიება კრებს ექსპერტულ წრეებს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ძალიან რთულ საკითხებზე მსჯელობისთვისც იმიტომ, რომ ეს არის სამხედრო ალიანსი, მაგრამ ამავე დროს არის პოლიტიკური ალიანსიც. ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან და იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს. ვფიქრობ, ნატო ევროპული უსაფრთხოების გარანტი იყო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. 1949 წლიდან მოყოლებული სწორედ საბჭოთა კავშირი იყო ნატო-ს შექმნის მთავარი მიზანი და დღესაც, პრაქტიკულად ამდენი წლის განმავლობაში არის შეშფოთება, რომ რუსეთს სურს იმავე მოცემულობის დაბრუნება. ნატო-ს წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ყველა წევრი წლების განმავლობაში ზრდიდა თავდაცვის ხარჯების დაფინანსებას. ნატო-ს დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ დაარწმუნოს რუსეთი, ალიანსის მიზანი არ არის მოსკოვის რეჟიმის შეცვლა, ის თავისუფალია ნატო-სგან, უბრალოდ რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ მის მიერ შემოთავაზებული წესები და საგარეო პოლიტიკა მიუღებელია ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.

ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის, რატომაც ალიანსის წევრი ქვეყნების ინტერესი გაზრდილია რუსეთის მიმართ, ეს არის მოსკოვის ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინაში და ეს არის არა უკვე დახურული და მკვდარი საკითხი, არამედ მიმდინარე მოვლენა. ეს არის შეშფოთების საგანი ალიანსის წევრებისთვის. მართალია, საქართველო და უკრაინა არ არიან ნატო-ს წევრები, მაგრამ ეს ქვეყნები არიან ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორები“, – განაცხადა მალკომ ჩალმერსმა.