მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვუთხარი, ჩემს კარავს ხელი არ ახლოთ, ჩემს ბანერს ხელი არ ახლოთ, დანარჩენი რაც დგას პატარა კარვები შეგიძლიათ, აიღოთ და იქ დადგათ ატრაქციონები
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვუთხარი, ჩემს კარავს ხელი არ ახლოთ, ჩემს ბანერს ხელი არ ახლოთ, დანარჩენი რაც დგას პატარა კარვები შეგიძლიათ, აიღოთ და იქ დადგათ ატრაქციონები

ამაღამ აქ ვარ, როგორც ორი წელი და აქ ვიქნები, სანამ ეს მართლა ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ პარლამენტში არ შეიქმნება კომისია, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

მისი თქმით, კარავს გაშლის და ბანერსაც დადგამს.

„აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ. მაქვს უფლება, გამოვთქვა პროტესტი. იმ კარავში მე თემირლანს ვხედავ. კარავი აქ უნდა იდგეს. ისიც ისეთი ბავშვია, როგორც ის ბავშვები, რომლებიც აქ უნდა მოვიდნენ, მაგრამ არ მგონია, აქ ბავშვი მოვიდეს. აქ მდგომი ადამიანების მართლა მრცხვენია, ამათმა რა ქნან?”,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, პირობა მისცეს, რომ კონკრეტულად მის კარავს და ბანერს არ შეეხებოდნენ.

„გუშინ შუადღისას დამირეკა ვიღაცამ მერიიდან, რომ ჩემი ნებართვით კარავს აიღებდნენ. მითხრეს, ვიცით, რომ ბავშვები გიყვარს ძალიან და დაგვრთეთ ნება, რომ ატრაქციონები დავდგათო. ვუთხარი, ჩემს კარავს და ჩემს ბანერს ხელი არ ახლოთ და დანარჩენი პატარა კარვები, შეგიძლიათ აიღოთ და დადგათ ის ატრაქციონები-მეთქი, რომ ბავშვებმა ზეიმი ნახონ. დამპირდა, კაცურ სიტყვას გაძლევ ასე იქნებაო, მაგრამ მიდი და ენდე, ვის უნდა ენდო? სად არის კაცი? ამაღამ აქ ვარ, როგორც ორი წელი და აქ ვიქნები, ვიდრე ეს მართლა ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ პარლამენტში არ შეიქმნება კომისია. აგერ ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ აქ. ერთხელ წავედი, ერთი ღამით, რომ ჩემი ძმისშვილისთვის ჩამომეტანა საჭმელი, იხელთეს დრო და კარავი აიღეს. მთელი მსოფლიო ხედავს ამას“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტთან ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც კარვების აღებას აპროტესტებენ, დილიდან შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მცირე ინციდენტიც მოხდა. რკინის ჯებირებზე „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულების ფოტოების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს.