მალხაზ მაჩალიკაშვილი - შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 20 ივნისის ღამე არ შერჩებათ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 20 ივნისის ღამე არ შერჩებათ

შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 20 ივნისის ღამე არ შერჩებათ, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

„მიხარია, დღეს რომ გხედავთ. დღეს იმ ავბედითი ღამის გახსენების დღეა, ერთი წელი გავიდა. მართალია, მანამდე მე შუბლში ტყვიით დახვრეტილი ჩემი შვილის გამო ვიყავი გამოსული წელიწად-ნახევარი, ვიდრე ეს ღამე მოხდებოდა. იმ ღამის მონაწილეც გავხდი. ბავშვებს, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, სისხლი დაღვარეს. ახალგაზრდობა სისხლში აცურავეს და ზუსტად იმ დღის გახსენებაა. შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მათ ის ღამე არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს, ყველა სათითაოდ, ვინც კი მიიღო იმ ავბედით, იმ სასტიკ ღამეს მონაწილეობა; იმ ტყვიების გამო, რომელბმაც დაღვარა სისხლი, ყველა პასუხს აგებს. ეს ასე უნდა იყოს და ეს ასე მოხდება. ხელისუფლებამ ზუსტად იმ ღამეს გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ამ განაჩენს ჩვენ დავუწერთ 31 ოქტომბერს, აუცილებლად.

ერთს კიდევ დავამატებ, ჩემი თხოვნა იქნება, მთელ ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, მთელ საზოგადოებას, ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ ერთიანი ძალა, დავუპირისპირდეთ ერთიანი ძალებით ამ მონსტრს, რომელიც დღეს ჩვენ სათავეში გვიზის. მაშინ მართლა გავიმარჯვებთ ჩვენ, თუ ვიქნებით ერთიანები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით. ერთმანეთს ნუ დავუწყებთ ქილიკობას ან კბენას, გავერთიანდეთ და ერთიანი ძალით შევუტიოთ. ნებისმიერი ომი და ცუდი აშოროს საქართველოს ღმერთმა. მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემი სახით ვიქნები პირველი მებრძოლი საქართველოს გულისთვის ჩემი ცხოვრების დარჩენილ მანძილზე“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი